jk

დაჯდა წერად ამბებისა

18.02.2016 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

ყოველდღიურად მსოფლიოში ასოცდათხუთმეტი მილიონი მწერალი იკლავს თავს

ამაზე გიფიქრიათ?

ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რაღაც აქვთ სათქმელი, ზუსტად იციან რისი თქმა უნდათ, თითქოს ისიც წარმოუდგენიათ როგორ, მაგრამ როგორც კი ჩაის დაისხამენ, კომპიუტერს გაანათებენ და წკაპუნით ვორდის თეთრ ფურცელს გახსნიან ეს ცოდნა ჰაერში ორთქლდება.

ჩვენი, ადამიანების ძირითადი ინსტინქტებს შორის, ერთ ერთი ყველაზე ძლიერია გაზიარების ინსტინქტია, ხშირ შემთხვევაში იმ ძირითად ინსტინქტებს, რომელსაც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია, გაზიარება კიდევ უფრო აძლიერებს და საინტერესოს ხდის .

ინსტაგრამზე ატვირთული სუშის ფოტოები და ლამაზ გოგონებთან გატარებული საღამოების შესახებ არც ისე საჯარო დეტალების მოყოლა ზუსტად ამ გაზიარების ინსტინქტის გამოძახილია.

ხელოვნების სხვა დარგებიდან განსხვავებით, როგორიც არის მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა, წერილობით და თხრობით კომუნიკაციას ის უნარები სჭირდება, რასაც ბავშვობიდან ყველა უცილობრივ ვივითარებთ, წერა და კითხვა,დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა.

თუმცა ადამიანების თხრობის ტექნიკა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჩემი მხატვრობა, კანდინსკისგან. არადა ოვალებს ფარგლით მეც მშვენივრად ვავლებ.

რა განგვასხვავებს ჩვენ, მოკვდავ ადამიანებს, ამბის თხრობის ჯადოქრებისგან, რამდენი უნდა ვწერო მე, რომ ასეთ მრავალფეროვანი გამების მქონე უმარტივეს ფრაზასთან მივიდე?

What does he say?’ he asked.
‘He’s very sad,’ Úrsula answered, ‘because he thinks that you’re going to die.’
‘Tell him,’ the colonel said, smiling, ‘that a person doesn’t die when he should but when he can.”

რა თქმა უნდა, მარკესობამდე ძალიან შორია, შეუძლებლად შორი, მაგრამ როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რაღაც ხერხების ათვისება არც ისეთი რთულია.

ეს ჩემი პოსტია, ასე რომ ჩემს ხერხებს გაგიზიარებთ, ზოგი ნაცადია, ზოგის ვაჟკაცობა მეც არ მყოფნის ხოლმე , თუ მოგეწონათ, სცადეთ,იქნებ გამოგივიდეთ.

წერეთ მიზნის გარეშე- უბრალოდ აღწერეთ სიტუაცია, ემოცია, მოლოდინი, ოცნება, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე. ეს ერთგვარი თერაპიაც არის, ხშირად საკუთარი ნაწერის წაკითხვა, სიტუაციის გადააზრების საშუალებასაც იძლევა, ასეთ ნაწერების ფურცვლა , ხომ დროის მანქანასავით არის, იმ დღეს ჩემი დღიურები წავიკითხე, რომელსაც 15 წლის ასაკში ვწერდი და შვებით ამოვისუნთქე, კარგია რომ გავიზარდე და ყველაფერზე რადიკალურად შემეცვალა აზრი.

იკითხეთ მიზნის გარეშე – იკითხეთ მხოლოდ გატაცებით, თუ წიგნის დახურვისას, მასთან შეხვედრაზე ფიქრი არ გაგყვებათ, მაშინ შეგიძლიათ რომ არც მიუბრუნდეთ, ცხოვრება არც ისე გრძელია, რომ უინტერესო წიგნებზე, დიალოგებზე და ( ჩემს შემთხვევაში ) საჭმლის მომზადებაზე დავხარჯო.

დააკვირდით რამდენად გისმენენ ადამიანები – საუკეთესო თვისება რაც ბოლო დროს გამოვიმუშავე და მართლა გამომადგა, მოსმენის უნარია.

ვუსმენ ემოციებს, სიტყვებს, ტენდენციებს და მერე ძალიან მარტივი ხდება ყველა კითხვაზე პასუხების გაცემა , იმიტომ რომ მათი ნაწილი უკვე მოსმენილი მაქვს.

მეორე საუკეთეო თვისება რაც გამოვიმუშავე, ვცდილობ გავჩუმდე მაშინ როდესაც ჩემი მოსმენა არ აინტერესებთ, ან თემა შევცვალო, ან სხვას ვთხოვო საუბრის გაგრძელება.

ხმას კი არ ავუწიო და დაჟინებით კი არ ჩავაცქირდე ჩემი მონოლოგის უნებლიე მსხვერპლს თვალებში, არამედ უბრლოდ გავჩუმდე.

ეს მეხმარება გავიგო, რა ნაწილი არის ჩემი საუბრის საინტერესო და რა გასაძლები.

როდესაც გავიაზრებთ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანების დრო და ყურადღებაა, ამ წესის შესრულება ძალიან გაგვიმარტივდება.

მოუსმინეთ განსხვავებულ ადამიანებს – ეს ჩემი საყვარელი სავარჯიშოა, მოვუსმინო ბოლომდე იმ ადამიანს, ვისაც ჩემგან აბსოლუტურად განსხვავეული შეხედულება აქვთ.

მარტივი არ არის, ხშირად მინდა ასეთ ადამიანებს ყველა შესაძლო ლეგალურ/ არალეგალური მეთოდით, დაუხშოთ საინფორმაციო ღრუ, გავაქროთ, ავაორთქლოთ.

ასეთი საქციელით უბრალოდ მოკლევადიან კმაყოფილებას „ხო მაგრა მივაჩმორე” “ხო დავახურე” და „ხო ვუჩვენე სეირი“ მივიღებთ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივიაში ადამიანები შეწყვეტენ ჩვენთვის განსხვავებული აზრების გაზიარებას, რაც საკუთარი ზრდის პროცესის საფლავის ქვაა პრაქტიკულად.

წერეთ რასაც გრძნობთ – აღწერეთ არა ფაქტები, არამედ თქვენი დამოკიდებულებები, ემოციები და ფიქრები, ნუ შეგეშინდებათ იყოთ სუსტი, განსხვავებული, არაინფორმირებული და წინააღმდეგობებით აღსავსე.

ეს ზუსტად ის ვაჟკაცური რჩევაა, რომლის გაზიარებაც მეც ძალიან ხშირად მიჭირს. იცეკვე ისე თითქოს არავინ გიყურებს და წერე ისე, თითქოს არავინ გკითხულობს.

წინააღმდეგობრივი რჩევაა, რეალურად ადამიანები სიამოვნებას იმით კი არ ვიღებთ, რომ ჩვენთვის ვაკეთებთ რაიმეს, არამედ ჩვენი გაკეთებულის სხვისი შექებისგან. ასე რომ ამ რთულ ემოციურ ჯაჭვში სხვა ( მკითხველი, მსმენელი, კრიტიკოსი ) ზუსტად ის ნაწილია , რომლის ამოგდებაც მთელს სიამოვნებას ჩამოშლის.

ამ რჩევების ჩამონათვალს, ჩემთვის საუკეთესოდ ეს ისტორია ასრულებს.

ვარდენ ღვანკითელმა, რომელიც მატარებლის გამცილებელად მუშაობდა და საკუთარ მოწოდებად თეატრს და მწერლობას მიიჩნევდა, აკაკისთან გაპაექრება გადაწყვიტა , აკაკიმ ასეთი სამოტივაციო პასუხი დაუბრუნდა ღვანკითელს :

“წერე, წერე, ჩემო ვარდენ,
მტერს დაასე ისარიო,
თუ მწერალი არ გამოხვალ,
წერას მაინც ისწავლიო”.