a61137995f03d973ae4bd46bb155533b

თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება

15.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები ტურისტულ ზონებშიც განთავსდება.

ცნობილია, რომ საპირფარეშოებით მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანითა“ და სხვა პლასტიკური ბარათებით.

„საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება,“ – განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

გარდა ამისა, კომპანია „სითი ბოქსს“, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინენული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.