34415258_2116430398629909_6481287322485653504_o-1024x683

ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა

15.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. რეგიონი წელს ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული სიახლეებით ხვდება. ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს მთიანი აჭარის საინტერესო მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

სეზონის განმავლობაში რეგიონის სტუმრებს ელით ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, Bleak Sea Arena-ზე ლეგენდარული ელტონ ჯონის ორდღიანი კონცერტით, ფერების ფესტივალი და ფოლკლორის დღეები, რომელიც ბათუმის ბულვარში გაიმართება.

აჭარაში, ბათუმის და შავი ზღვის სანაპიროს გარდა, მაღალმთიანი აჭარის არა ერთი კურორტია, სადაც ტურისტების მიღებას მასპინძლები უკვე ელიან. მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს საინტერესო ეკოტურისტული და სათავგადასავლო მარშრუტები ელოდებათ.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელიწადში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ.

გასული წლის მსგავსად, წელსაც ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სეზონის განმავლობაში არა ერთ ცვლილებას აანონსებს, რაც, მათი თქმით, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება.