Untitled-1

ქალების 95% კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც ამზადებს საჭმელს

11.06.2018 | კვლევები, სიახლე

54 წლამდე, ქალი ასაკის მატებასთან ერთად
უფრო და უფრო დიდ დროს ხარჯავს საჭმლის კეთებაში,
კაცი კი თითქმის ყველა ასაკში თანაბრად იშვიათად ამზადებს საჭმელს.

გაინტერესებთ ცხოვრების განმავლობაში რამდენ დღეს ხარჯავს ადამიანი საჭმლის მომზადებაში? „აიფიემ კვლევებმა“ 1000 ადამიანი გამოკითხა და გაარკვია რა სიხშირით ამზადებენ ქართველი რესპონდენტები საჭმელს და რა დროს ხარჯავენ ამ საქმიანობაში. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულები საკვებს საკმაოდ აქტიურად ამზადებენ სახლებში. საჭმლის მომზადებით, უმეტესად, ქალები არიან დაკავებულები – მათი 95% ამზადებს საჭმელს სულ მცირე, კვირაში ერთხელ, ხოლო გამოკითხული კაცებიდან თითქმის ყოველი მეოთხეა (23%) ამ აქტივობით დაკავებული. ის კაცები, რომლებიც სახლში საჭმელს ამზადებენ, ამ აქტივობით გაცილებით იშვიათად არიან დაკავებულები, ვიდრე ქალები. კერძოდ, ქალები, საშუალოდ, კვირაში 7-ჯერ ამზადებენ საჭმელს, კაცები კი კვირაში მხოლოდ 1-ხელ.
ქალები ყველაზე აქტიურები, სახლში მზარეულობის კუთხით, 45-54 წლის ასაკში არიან. ისინი ამ ასაკში საჭმლის კეთებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 22 დღემდე ხარჯავენ. ამ წლოვანების მიღწევამდე, ასაკის მატებასთან ერთად ქალები უფრო და უფრო მეტს მზარეულობენ სახლში. ეს დატვირთვა შედარებით იკლებს 55-64 წლის ასაკში. კაცები კი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის ყველა ასაკში თანაბრად იშვიათად ამზადებენ საჭმელს. სხვა ასაკობრივ კატეგორიებთან შედარებით, კაცებში ოდნავ მაღალია ამ აქტივობაზე დახარჯული დრო 18-24 წლის ასაკში.
ეს სტატისტიკა კარგად აჩვენებს სქესთა შორის ამ აქტივობის გადანაწილებას – საჭმლის კეთება ცალსახად ქალის როლია. კაცების მხრიდან ახალგაზრდა ასაკში საკვების მომზადების შედარებით მაღალი ინტენსივობა შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ საქართველოში ეს ასაკი უმეტესობისთვის, სტუდენტობის პერიოდია, რასაც  ახალგაზრდების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებისგან მოშორებით ატარებს, ამიტომ ამგვარი დამოუკიდებლობა 18-24 წლის ასაკის კაცებში საკუთარ კვებაზე ზრუნვის მიზეზი ხდება.

coc1

მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭმლის მომზადებაში დახარჯული დრო რომ დავთვალოთ, გამოდის, რომ ამ აქტივობაში 65 წლის ქალს, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, საშუალოდ, 2 წელი და 60 დღე აქვს გატარებული, ხოლო კაცს – მხოლოდ 77 დღე.
თუ ამ შედეგებს „აიფიემ კვლევების მიერ“ 2006 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ქალები ყველა ასაკში, ახლაც დაახლოებით, იგივე დროს ხარჯავენ საჭმლის მომზადებაში. 2018 წელს მათი მხრიდან მეტი დრო ეთმობა სახლში მზარეულობას 45-54 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საკვების მომზადებასთან დაკავშირებით ქალების დატვირთვა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

coc2


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.