cleaning

ცხოვრების განმავლობაში ქალი სახლის დალაგებაზე, დაახლოებით, 438 დღეს ხარჯავს, კაცი კი – მხოლოდ 28 დღეს

11.06.2018 | კვლევები, სიახლე

სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკის ქალები ხარჯავენ.
2006 წელთან შედარებით, ქალების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შემცირებულია.

“აიფიემ კვლევებმა“ საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები ისეთ აქტივობაზე, როგორიც სახლის დალაგებაა.

ამ საოჯახო საქმიანობის გადანაწილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად, ქალებზე ხდება. კვირაში მინიმუმ ერთხელ, სახლის დალაგებით ქალ რესპონდენტთა 95% არის დაკავებული. მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

როგორც აღმოჩნდა, სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები (შესაბამისად, წელიწადში, საშუალოდ, 14 დღე და 0,1 დღე). კაცებში სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო, სხვადასხვა ასაკში უმნიშვნელოდ იცვლება.

ყველაზე ნაკლებად, სახლის დალაგებით, ქალები 18-24 წლის ასაკში არიან დაკავებულები.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ქალების დახარჯული დროც კი, მნიშვნელოვნად აღემატება 45-54 წლის ასაკის კაცების მიერ სახლის დალაგებაში დახარჯულ ყველაზე დიდ დროს. რომ დავაზუსტოთ, 18-24 წლის ქალები წლის განმავლობაში სახლის დალაგებაში 7,6 დღეს ხარჯავენ, ხოლო 45-54 ასაკობრივი კატეგორიის კაცები – 0.9 დღეს.

dal1

თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი – მხოლოდ 28 დღე.

„აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული. სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.

საინტერესოა ბოლო 12 წელში სახლის დალაგებაზე ქალების მიერ დახარჯული დროის ცვლილებაც. 2006 წელთან შედარებით, 2018 წელს მათ მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შემცირებულია. სავარაუდოდ, ეს ცვლილება, საოჯახო საქმიანობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ნივთების უფრო ხშირი მოხმარებითაა გამოწვეული.

dal2

 


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.