27368228_2210022922348569_4903856770090822559_o

საქართველოში ICT კლასტერის შექმნა იგეგმება

04.06.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

თბილისში დღეიდან ფორუმი EuroDIG 2018 – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე პანელი და საპანელო დისკუსია, მათ შორის – საქართველოში ICT კლასტერის შექმნის პროექტის პრეზენტაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ICT კლასტერების განვითარების პროექტი ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს და  მასში შემავალი სააგენტოების – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  და „აწარმოე საქართველოში“ მიერ GIZ-ს მხარდაჭერით.

„კლასტერების განვითარება ტექნოლოგიებისა და IT-ს მიმართულებით მნიშვნელოვანია, ეს იმის საფუძველია, რომ მოხდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ქართული კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.

კლასტერი არის რამდენიმე  ჯგუფის, სხვადასხვა კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის არეალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ ერთდროულად მიაწოდონ ის სერვისები, რომლებიც თავად არ გააჩნიათ.

კლასტერების ჩამოყალიბებაში გვეხმარება GIZ, რომელიც ახორციელებს პროგრამას, მას ქვეკონსულტატებად ჰყავს ესტონეთის ICT კლასტერის ჯგუფი, რომელიც მთავარი მონაწილე მხარეა, ასევე გერმანიის და ავსტრიის შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ICT კლასტერების პროგრამა გულისხმობს მათი განვითარების კუთხით პოლიტიკის ჩამოყალიბებას. „უკვე შერჩეულია რამდენიმე დარგი და პარალელურ რეჟიმში მოხდება ამ დარგში მოღვაწე კომპანიების როგორც ტექნიკური მზაობის ამაღლება, ისე თავად მათი  და მათი პოტენციალის დაკავშირება“, – აღნიშნა მან.

პირველ ეტაპზე მოხდება საქართველოში კლასტერების  ჩამოყალიბების მიმართულებით პოლიტიკის გაწერა, მეორე ეტაპზე კი მათი ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს, რომ ყველა IT კომპანიას შეეძლება კლასტერით სარგებლობა, მათ ხელში არსებული ინფორმაციის თუ სერვისების გაცვლა-გაზიარება.

ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ყუბუსიძის განმარტებით,  ბიზნესის განვითარების მიმართულებით   ICT კლასტერების განვითარება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა პოლიტიკის შემუშავებაზე, პარალელურად კლასტერების გამოყალიბებაზე ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის ნაწილში, უკვე შერჩეულია რამდენიმე კომპანია, რომელსაც ჩვენ GIZ-თან ერთად დავეხმარებით, რომ მათ შეძლონ თავიანთი პროდუქტის გატანა საზღვარგარეთ ელექტრონული კომერციის გზით“, – აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.

EuroDIG- ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად – თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.