georgia

ქართველები რეგიონში ყველაზე კრიტიკულად აფასებენ საკუთარი ქვეყნის სასურველობას

21.05.2018 | კვლევები, სიახლე

ქართველების 26%-ის აზრით, საქართველოში ხანგრძლივი დროით ყოფნა
ყველაზე მეტად გერმანელებისთვისაა მიმზიდველი.

ამის საპირისპიროდ, ხანგრძლივი ვიზიტით ყველაზე ხშირად,
საქართველოს რუსები სტუმრობენ.

რეგიონსა და რუსეთში განხორციელებული კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებმა საკუთარი ქვეყნები შეაფასეს სხვა ეროვნების ადამიანების თვალთახედვით. კერძოდ, თითოეულ ქვეყანაში  1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას, მათი აზრით, რომელი ეროვნების ადამიანებისთვის იქნებოდა მათი ქვეყანა მიმზიდველი ადგილი საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლო მიზნებისთვის.

ქართველები რეგიონში ყველაზე კრიტიკულად აფასებენ სხვებისთვის საკუთარი ქვეყნის სასურველობას. გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების/მუშაობის/სასწავლო მიზნით გადმოსვლისთვის  სასურველი ქვეყანა არ არის. თავის ქვეყანაზე ასე ფიქრობს აზერბაიჯანელების 16 და სომხების 15 პროცენტი.

ყოველი მეოთხე რუსი, ასევე,  ფიქრობს, რომ რუსეთი არც ერთი ქვეყნის მოქალაქისთვის არ არის საინტერესო ქვეყანა სასწავლო/სამუშაო მიზნებისთვის და საცხოვრებელი ადგილის საძიებლად.

აზერბაიჯანელებს მათი ქვეყანა ყველაზე მეტად სასურველად მიაჩნიათ თურქი მოქალაქეებისთვის. რუსების აზრით, ბელორუსი (18%) და გერმანელი (18%) მოქალაქეები იგრძნობენ ყველაზე უკეთ თავს რუსეთში ცხოვრებისას, სამუშაო ან სასწავლო მიზნებით გადასვლის შემთხვევაში. სომხების შეფასებით კი, სომხეთი განსაკუთრებით მიმზიდველი გერმანელი (34%), რუსი (30%), ფრანგი (28%) და ამერიკელი (28%) მოქალაქეებისთვის უნდა იყოს.

ქართველების აზრით, ამ კუთხით  საქართველო ყველაზე საინტერესო გერმანელებისთვის (26%) და ამერიკელებისთვისაა (22%). მათივე შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფრანგებისთვის (18%) და ბრიტანელებისთვისაც (17%) საკმაოდ მიმზიდველია მუდმივი/დროებითი ცხოვრების, სამუშაო ან სასწავლო მიზნებისთვის.

migge

მიგრაციის საკითხთა ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ იმიგრანტთაგან მხოლოდ 1,5% იყო აშშ-ს მოქალაქე, ხოლო გერმანელი იმიგრანტების რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო.

რეალურად, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტით სტუმრობა მეტად ტიპური აღმოჩნდა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვიდრე იმ ეროვნებების წარმომადგენლებისთვის, რომლებისთვისაც ქართველების შეფასებით, საქართველოში ხანგრძლივი ვიზიტით ჩამოსვლა ყველაზე კომფორტული უნდა ყოფილიყო. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, საქართველოს საზღვარს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები კვეთდნენ. მათგან ყველაზე მეტი რუსი (26%), თურქი (15%) და სომეხი (14%) ვიზიტორები იყვნენ.[1]


[1] საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი (მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად), რომელმაც: 1. გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვეში, სულმცირე, 183 დღე იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და 2. საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.