Untitled-1

სწრაფად კვება თუ საკვების ნაკლებობა?

21.05.2018 | კვლევები, სიახლე

30 ქვეყნიდან, ქართველები, ამერიკელებთან ერთად, ყველაზე მცირე დროს – დაახლოებით,
ერთ საათს ხარჯავენ დღის განმავლობაში საკვების და სასმელის მიღებაში.

მსოფლიოს 29 ქვეყანაში ჩატარდა კვლევა, რომლის მთავარი საკითხი იყო გამოერკვია მოსახლეობის მიერ დღის განმავლობაში საკვებსა და სასმელზე დახარჯული დრო. კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა და ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში განხორციელდა. კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან კვებასა და სასმელის მიღებაში ყველაზე დიდ დროს ფრანგები (2სთ და 13 წთ), ბერძნები (2 სთ და 11წთ) და იტალიელები (2 სთ და 7 წთ) ხარჯავენ. ეკონომიკურითანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებისთვის კი საშუალოდ, ეს დრო 1 სთ და 32 წთ-ია.

foodgeo

„აიფიემ კვლევებმა“ იგივე კითხვით ქართველ მოსახლეობას მიმართა და გამოარკვია, რომ დღის განმავლობაში ქართველი რესპონდენტის მიერ სასმელსა და საჭმელზე დახარჯული დრო 1 საათს ოდნავ აღემატება. კერძოდ, ეს დრო ქალების შემთხვევაში 1 საათი და 1 წუთი, კაცების შემთხვევაში კი 1 საათი და 3 წუთია.

გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართველები ჭამა-სმაში დიდ დროს ატარებენ, კვლევის შედეგებით არ დადასტურდა. როგორც გრაფიკზე ჩანს, გამოკითხულ ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკასთან ერთად, ბოლო ადგილზეა ჭამასა და სმაში დახარჯული დროის მიხედვით.

მიუხედავად საკვებისა და სასმელის მიღებასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციული კულტურული მახასიათებლებისა, ეს მონაცემი, ცხადია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. ამაზე მეტყველებს „აიფიემ კვლევების“ მიერ 2017 წელს განხორციელებული კვლევის მონაცემებიც. ამ კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 36%-მა განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მას ვერ შეუძენია საკვები, მიუხედავად საჭიროებისა, ხოლო 21%  კვების გარეშე დარჩენილა.

საკვების და სასმელი მიღებაზე დახარჯული დროის თვალსაზრისით, საქართველოს შედეგების ინტეპრეტაციისას, ასევე, გასათვალისწინებელია დასაქმების ფაქტორიც (კვლევაში მონაწილეთა მესამედი – 33%, დასაქმებულია). დიეტოლოგ ნატა გაგუას შეფასებით, კვებასა და სასმელის მიღებაზე დროის დანახარჯი მნიშვნელოვნად არის შემცირებული შრომით საქმიანობაში ჩართულ ადამიანებში. ძირითად შემთხვევაში, ამის მიზეზი შრომის ჰიგიენის დარღვევაა. სამუშაოს დიდი მოცულობის გამო, ხშირია დასაქმებულების მხრიდან  სამუშაოს შესრულება საკვების მიღებისთვის განკუთვნილი შესვენების გამოყენების ხარჯზე, სამუშაო საათების განმავლობაში კვების გამოტოვება და ა.შ.  მსგავსი სამუშაო რეჟიმი კი დასაქმებულ ადამიანებში კვების კულტურას და შესაბამისად, ჭამა-სმაზე დახარჯულ დროს, დრამატულად ცვლის.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.