31670918_10214417215477294_4208901210859634688_n

ზურაბ ნიჟარაძის, პიკოს, გამოფენას საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა

02.05.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გუშინ, 1 მაისს ზურაბ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას „ზურაბ ნიჟარაძე 90″ დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გრაფიკული და ფერწერული სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებიდან, ასევე, მხატვრის და სხვათა კერძო კოლექციებიდან.

ექსპოზიციამ საზოგადოების ერთ ნაწილს გაახსენა, ხოლო ახალგაზრდა თაობას კი გააცნო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრებს.

ზურაბ ნიჟარაძე მეგობრებმა შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვის, შემოქმედებითი თავისუფლებისა თუ ცისფერი ფერისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო ასოციაციურად პიკასოსთან დააკავშირეს და მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი წლების დასასრულს უმნიშვნელოვანესი კულტურული პროცესები განავითარა ქვეყანაში.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში პოეზიით გატაცებული მხატვრის სურათები ლირიზმითაა გაჯერებული. მომდევნო – 60-70-იანი წლების მხატვრობა უფრო კონკრეტული და დახვეწილია, გამოირჩევა პორტრეტული სახეების მრავალფეროვნებით. 80-იანი წლებიდან კი ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებაში დიდი ყურადღება ეთმობა ზოგადი ხასიათის თემებს, ყოველდღიურში ფილოსოფიური საწყისის ძიებასა და სხეულის პლასტიკის ენას, მის მშვენიერებას, ფერითა და მოძრაობით შექმნილ ჰარმონიულ რიტმიკას.