Untitled

„მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ

25.04.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

2018 წლის აპრილიდან „მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ. პირველ ეტაპზე ინოვაცია სამ რესტორანში – გლდანში, დიღომში და ქუთაისში დაინერგა, შემდეგ კი ეტაპობრივად იგი სხვა რესტორნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია:

  • სტუმარი კიოსკზე უკვეთავს სასურველ მენიუს;
  • ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას;
  • კიოსკზე შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს ;
  • ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას;
  • მაკდონალდსის თანამშრომელი კი ნომრის შესაბამისად შეკვეთა ადგილზე მიაქვს.

ამ დრომდე საქართველოში მაკდონალდსის 13 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათი საშუალო ასაკი კი 20-22 წელია. კომპანია განაგრძობს განვითარებას და კიდევ ერთი რესტორნის გახსნას უახლოეს მომავალში ბათუმში, ერას მოედანზე, გეგმავს.