Untitled-2

ადამიანი თავისი ცხოვრების ორ მესამედს ძილში და სამუშაოზე ატარებს

05.04.2018 | კვლევები, სიახლე

თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%)
ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს.

ჩვენ 500 რესპონდენტს ვკითხეთ მათი დასაქმების მდგომარეობისა და სამუშაო დატვირთვის შესახებ და გავარკვიეთ, რა დროს უთმობენ ადამიანები სამსახურს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 36% დასაქმებულია როგორც დაქირავებული თანამშრომელი ან დაკავებულია კერძო ბიზნესით. დარჩენილი 64% არ არის დასაქმებული, მათ შორის პენსიონრები და დიასახლისებიც არიან.

dzil1

როგორც აღმოჩნდა, დასაქმებული რესპონდენტები დღის განმავლობაში საშუალოდ, 7 საათს და 50 წუთს ატარებენ სამსახურში. კაცები უფრო დიდხანს არიან სამსახურში, ვიდრე ქალები. კერძოდ, კაცები 8 საათსა და 10 წუთს ატარებენ სამუშაოზე, ქალები – 7 საათსა და 25 წუთს. ქვეყანაში არსებული დასაქმების პოლიტიკიდან და გავრცელებული სამუშაო
პირობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის მონაცემები დასაქმებულ რესპონდენტთა სამუშაო გრაფიკის შესახებ: თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%) მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. სამუშაოზე დღის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს (9,4 სთ) 55-64 წლის ასაკის კაცები ხარჯავენ. ბუნებრივია, სამუშაო საათების განმავლობაში, უშუალოდ სამუშაო აქტივობების გარდა, დრო არასამუშაო აქტივობებსაც ეთმობა. ამისთვის დასაქმებულები საშუალოდ 32 წუთს ხარჯავენ, რაც საერთო სამუშაო დროის 7,7%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 17,6% კი მიიჩნევს, რომ სამსახურში არც ერთი წუთით არ არის დაკავებული არასამუშაო საქმიანობით.

dzil2

ყოველდღიურად, არასამუშაო საქმიანობაზე ყველაზე მეტ დროს – 37 წუთს, 25-34 წლის ახალგაზრდები და საპენსიო ასაკთან მიახლოებული, 55-64 წლის ადამიანები ხარჯავენ. ამ საკითხის სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები არასამუშაო საქმიანობაზე დაახლოებით 35 წუთს, კაცები კი შედარებით ნაკლებს – 30 წუთს ხარჯავენ. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ, 103 დღეს ხარჯავს სამსახურში. ერთი წლის მანძილზე ადამიანების მიერ სხვადასხვა საქმიანობაში გატარებული დღეების საშუალო რაოდენობები გვიჩვენებს, რომ რიგითი ქართველი ადამიანი თავისი ცხოვრების ორ მესამედს მხოლოდ ძილში და სამსახურში მუშაობაში ატარებს. კვებაში, მგზავრობაში, ფეხით სიარულში, თავის მოწესრიგებასა და ყოველდღიური ცხოვრების თანმხლებ სხვა აქტივობებში ადამიანს ჯამში 51 დღე ეხარჯება, ყველაფერი დანარჩენისთვის კი მხოლოდ 85 დღე რჩება.

dzil3


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.