Untitled-1

ქართველებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში თანამშრომლობა გერმანიასთან სურთ

07.02.2018 | კვლევები, სიახლე

რუსების და აზერბაიჯანელების 6-6%-ს მიაჩნია, რომ
საქართველოსთან მეცნიერების/ტექნოლოგიის დარგში თანამშრომლობა
მათი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

რეგიონსა და რუსეთში განხორციელდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რომელ ქვეყნებთან მიაჩნიათ სასარგებლოდ თავიანთი ქვეყნის თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კუთხით, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნებთან ერთად მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში საერთო კვლევების განხორციელებას, განვითარების მიღწევებისა და სამეცნიერო იდეების გაზიარებას. თითოეულ ქვეყანაში, კვლევაში მონაწილეობდა 1200 რესპონდენტი.

scie

ქართველების აზრით, საქართველოსთვის სასარგებლოა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში გერმანიასთან (46%), იაპონიასთან (42%) და აშშ-სთან (36%) თანამშრომლობა.

აზერბაიჯანელი რესპონდენტების შეფასებით, ძირითადად 4 ქვეყანა გამოიკვეთა, რომლებთან ურთიერთობაც აზერბაიჯანისთვის სარგებლობის მომტანი იქნება მეცნიერების/ტექნოლოგიის კუთხით. ეს ქვეყნებია: თურქეთი (26%), გერმანია (25%), აშშ (22%) და იაპონია (22%).

სომხები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობა გერმანიასთან (34%), აშშ-სთან (32%), რუსეთთან (28%) და იაპონიასთან (27%) სასარგებლო იქნება მათი ქვეყნისთვის. სომხების დიდი ნაწილი (21%) ამ კუთხით საფრანგეთთან ურთიერთობის მომხრეც არის.

რუსი რესპონდენტების თითქმის ნახევარი (49%) მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებით თანამშრომლობას იაპონიასთან ამჯობინებს. დარჩენილი რესპონდენტების აზრი საკმაოდ ბევრ ქვეყანაზე ნაწილდება. მათ შორისაა ჩინეთი (39%), გერმანია (37%), საფრანგეთი (21%) და დიდი ბრიტანეთი (21%).

გამოკითხული ქვეყნებიდან საქართველოსთან ამ კუთხით თანამშრომლობა რუსების და აზერბაიჯანელების თანაბარი რაოდენობისთვის – 6-6%-ისთვისაა სასურველი. გამოკითხულთაგან სომხები ყველაზე ნაკლებად ხედავენ  საქართველოს პარტნიორ ქვეყნად  სამეცნიერო/ტექნოლოგიურ დარგში.

საბოლოო ჯამში, გამოკითხული 4 ქვეყნის შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ სამეცნიერო კვლევების, განვითარების მიღწევებისა და სამეცნიერო იდეების გაზიარებისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანა გერმანიაა.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.