tv-blurry-remote-control

2017 წლის ყველაზე რეიტინგულები

18.01.2018 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ქართული სატელევიზო არხების 2017 წლის შედეგებს.

2016 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქართული სატელევიზიო არხების საშუალო წლიურმა რეიტინგმა და წილმა. როგორც ქვემოთმოყვანილ გრაფიკზე ჩანს გასული წლის შედეგებისგან განსხვავებით პირველ ადგილზეა ტელეკომპანია იმედი, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი 2017 წელს იყო 5,28%, ხოლო წილი კი 28,08%. მეორე ადგილზეა ტელეკომპანია რუსთავი2, რომლის რეიტინგი იყო 5,04%, ხოლო წილი-26,76%. მესამე ადგილზეა ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ი, რომლის საშუალო წლიური რეიტინგი და წილი მკვეთრად ნაკლებია მეორე ადგილზე მყოფი არხის შედეგისგან, რეიტინგმა შეადგინა 1,06%, ხოლო აუდიტორიის წილმა კი 5,61%. კომედი არხი, ისევე როგორც 2016 წელს მეოთხე ადგილზეა,  მისმა საშუალოწლიურმა რეიტინგმა შეადგინა 0,73%, წილმა 3,86%. 2016 წლის შედეგებისგან განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი 2017 წლის შედეგებით მეხუთე ადგილზეა, ნაცვლად მეექვსე ადგილისა და  საშუალოწლიურმა რეიტინგმა შეადგინა 0,68%, წილმა 3,63%.

ყველაზე დრამატული კლება განიცადა ტელეკომპანია მაესტროს რეიტინგმა, 2016 წლის შედეგებთან შედარებით არხმა მესამე ადგილიდან 2017 წლის შედეგებით გადაინაცვლა მეშვიდე ადგილზე და მისი საშუალო წლიური რეიტინგი იყო 0,39%, ხოლო წილი 2,06%.

შედარებით მცირე არხებიდან აუდიტორიის ყველაზე დიდი მატება ჰქონდა ტელეკომპანიებს: იბერია, ტვ პირველი და კავკასია. დეტალები იხ.გრაფიკზე #1:

Untitled

საშუალოწლიური რეიტინგების გარდა აგრეთვე წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 ყველაზე რეიტინგულ გადაცემას:

Untitled

გრაფიკზე მოცემულია თითოეული გადაცემის ყველაზე რეიტინგული სერია/გასვლა. ტოპ ათეულში მოხვდა მხოლოდ პრაიმ-ტაიმში გასული გადაცემები: 9 რუსთავი2-ის გადაცემა და 1 იმედის გადაცემა. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს 13 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ერთი და იგივე გადაცემა, გასული ორ სხვადასხვა არხზე მოხვდა წლის ყველაზე რეიტინგულ ტოპ 10 გადაცემას შორის. გადაცემა „ნიჭიერს“ ძალიან „ნიჭიერი“ რეიტინგი ჰქონდა, კერძოდ: რუსთავი2-ზე 30 იანვარს გასული ყველაზე რეიტინგული გადაცემის შედეგი იყო 27,79%, ხოლო იმედზე 23 ოქტომბერს გასული ყველაზე რეიტინგული გადაცემის შედეგი იყო 24.06%. შესაბამისად ეს ორი გადაცემა 2017 წლის ტოპ ათეულის პირველ და მესამე ადგილზე გავიდა. „ნიჭიერი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენის დღიდან წლის ტოპ ათეულების უპირობო ლიდერი იყო ხოლმე, 2017 წელს კი ტოპ ათეულში ორი ადგილი (პირველი და მესამე) დაიკავა. მეორე ადგილზეა გადაცემა „იქს ფაქტორი“, რეიტინგით 25,32%. მეოთხე ადგილზე გავიდა გადაცემა „კომედი შოუს და ვანოს შოუს საახალწლო კონცერტი“ რეიტინგით 23,73%. მეხუთე ადგილზე გავიდა გადაცემა „პროფილი“ რეიტინგით 23,04%. ტოპ ათეულში მოხვდა აგრეთვე გადაცემები: „ქერის უბანი“, „The ვანოს შოუ“, „ჩემი ცოლის დაქალები“, „არჩევანი“ და „P.S.”. ყველა ეს გადაცემა არაერთხელ მოხვედრილა წლის ტოპ ათეულებს შორის და წლიდან წლამდე ინარჩუნებდნენ დიდ აუდიტორიას.