26231612_397408004048565_853454519943391327_n

Nutella-ს ქართული კონკურენტი გამოუჩნდა – “ჭკვიანი თხილი”

11.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Nutella-ს ქართული კონკურენტი გამოუჩნდა – ბაზარზე კომპანია „ჭკვიანი თხილი” გამოჩნდა, რომელიც ამ დროისთვის 3 სახეობის პასტას აწარმოებს.

კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებლის, ნინო ანდრიაძის, განცხადებით, „ჭკვიანი თხილი” თხილზე და ჯანსაღ კვებაზე შეყვარებული გურმანებისთვის შეიქმნა.

„ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია არ  შეიცავს კონსერვატებს და შაქარს. ის მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალმოხალული თხილის  არომატს ნაზად ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი. თხილის პასტა იდეალური საუზმე და სასუსნავია მათთვის, ვინც ვარჯიშობს, ან წონაში დაკლება სურს. მასში ცოტა ნახშირწყლები და ბევრი ცილაა, ამიტომ მცირე ულუფაც კი ენერგიით ავსებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით აცხრობს. ამასთან, ვისაც უკვე გაუსინჯავს ჩვენი პასტა, ალბათ შენიშნავდა, რომ გემოვნური თვისებებით ძალიან წააგავს Nutella-ს, მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადს საერთოდ არ შეიცავს,” – აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

y-e1515492507417„ჭკვიანი თხილის” პროდუქცია ქართული თხილის, თაფლისგან და ვანილისგან მზადდება. რაც შეეხება იმ სამ პროდუქტს, რომელსაც კომპანია აწარმოებს, ესენია: „ყოჩაღი ნუში“, „ჭკვიანი თხილი“ და „მოხერხებული მიწისთხილი”.

ამჟამად პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდ SOFLIDAN.GE-ზე იყიდება. როგორც ნინო ანდრიაძე აცხადებს, კომპანია აპირებს საკუთარი ონლაინ მაღაზიის გახსნასაც, იანვრის ბოლოდან კი „ჭკვიანი თხილი” სუპერმარკეტებშიც გაიყიდება. ამასთან, ახლო მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც განიხილება.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე „ჭკვიანი თხილი” 2017 წლის დეკემბერში გამოჩნდა და როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მომხმარებელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.