25398496_1815925461811906_7172563463330811016_o-1078x516

ხელოვნების სასახლეში ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

22.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

20 დეკემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ქართველი ხელოვანების – ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
ექსპოზიცია ორი დამოუკიდებელი ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს და 60-მდე ფერწერულ ტილოსთან ერთად სალომე გომელაურის მიერ შექმნილ ვერცხლისა და მინანქრის აქსესუარებსაც მოიცავს.
თანამედროვე ხელოვანების სამყარო თვითმყოფადი და მეტად გამორჩეულია. მათ მიერ თბილი ტონებითა და მეტაფორებით დახუნძლულ ტილოებზე მთავარი ყურადღება მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებსა და ორნამენტებს ეთმობა. ერთი შეხედვით მარტივად შესრულებული, მაგრამ, ამავე დროს, ღრმა არსის მქონე ნამუშევრები დამთვალიერებელს ჰარმონიულ განწყობას უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ზურა გომელაურის ნახატები, საქართველოს გარდა, აშშ-ს, გერმანიის, იტალიის, ინგლისისა და სხვა მრავალი უცხო ქვეყნის სახელმწიფო გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.
სალომე გომელაურის მოღვაწეობა ბავშვობის წლებიდან იწყება და მისი განვითარების ეტაპები კოსტიუმის დიზაინს, რამდენმე მოდის კვირეულში წარმატებულ მონაწილეობასა და ბოლო წლებში ვერცხლში შესრულებულ გამორჩეულ ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.
გამოფენა-გაყიდვა ხელოვნების სასახლეში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.