rsz_a-tv-remote-control

იცვლება თუ არა მაყურებელთა პრეფერენციები

15.12.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყდრნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტოპ 10 ქართული არხის აუდიტორიის ცვლილების დინამიკას.

გრაფიკზე #1 მოცემულია 5 ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული არხის საშუალოდღიური რეიტინგის დინამიკა 2017 წლის განმავლობაში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, თვეების მიხედვით. როგორც გრაფიკზე ჩანს ორი ყველაზე დიდი არხის აუდიტორია მკვეთრად აღემატება ხუთეულში მოხვედრილი დანარჩენი სამი არხის აუდიტორიას. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია არ შეცვლილა და იმედის და რუსთავი 2-ის აუდიტორია საერთო სატელევიზიო აუდიტორიის ნახევარს აღემატება ანუ საერთო ტელეყურების 50%-ზე მეტი სტაბილურად ამ ორ ქართულ არხზე მოდის. გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ეს ორი არხი მძაფრ კონკურენციაშია, სეზონური ტელეყურების ტენდენციები ორივე არხის აუდიტორიას ახასიათებს, მაგრამ სეზონური ფაქტორების მიუხედავად წლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე სურათი საკმაოდ შეცვლილია. წლის დასაწყისში, კერძოდ იანვარში, რუსთავი2-ის საშუალოდღიური რეიტინგი 6,37% იყო, იმედის კი 5,44%, ნოემბერში იმედის რეიტინგი უფრო მაღალია-5,69%, ხოლო რუსთავი 2-ის-5,11%. იმედი ქართულ არხებს შორის ყველაზე მაღალრეიტინგული არხის პოზიციას აპრილიდან ინარჩუნებს. რუსთავი 2-ის  იანვრის თვის რეიტინგმა ნოემბრის რეიტინგთან შედარებით 20%-ით მოიკლო, იმედის რეიტინგი იგივე პერიოდში 5%-ით გაიზარდა. სტაბილური და მცირედით მზარდი აუდიტორია ჰყავდა მთელი წელი ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ს, ეს არხი სტაბილურად ქართული ყველაზე რეიტინგული არხების სამეულშია მთელი წლის განმავლობაში. კომედი არხის აუდიტორია სეზონური ტელეყურების ტენდენციას იმეორებს, ნოემბრის საშუალოდღიური რეიტინგი 0,77% მარტის რეიტინგზე 0,76% ოდნავ მაღალია, არხს საკმაოდ სტაბილური აუდიტორია ჰყავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სატელევიზიო რეიტინგზე სეზონური ფაქტორებზე მეტად პროგრამირების კონკრეტული მიმართულებების გააქტიურება უფრო დიდ გავლენას ახდენს, რაც ჩანს კიდეც გრაფიკზე. მნიშვნელოვანი სპორტული გადაცემების ექსკლუზიური ტრანსლირების პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის აუდიტორია, მიუხედავად სატელევიზიო სეზონისა მკვეთრად იმატებს, დანარჩენ პერიოდში კი არხის რეიტინგი მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ინარჩუნებს.

1

გრაფიკზე #2 მოცემულია შედარებით მცირე აუდიტორიის მქონე მომდევნო ხუთი არხი. მაესტრო, რომელსაც 2017 წლის იანვარში 0,74% რეიტინგი ჰქონდა და არხების ამ ჯგუფში ლიდერი იყო, ნოემბრის მონაცემებით ბოლოდან მესამე ადგილზე გადავიდა და რეიტინგი მხოლოდ 0,25% აქვს. 2017 წლის განმავლობაში აუდიტორიის ყველაზე დრამატული კლება სწორედ ამ არხზე მოხდა, მისი რეიტინგი სამიზნე აუდიტორიისათვის 18+ იანვრიდან ნოემბერთან შედარებით 66%-ითაა შემცირებული. მარაოს აუდიტორიის თრენდზე სეზონური ფაქტორების გავლენა იკვეთება, ნოემბრის საშუალოდღიური რეიტინგი 0,46% თებერვლის შედეგს 0,42%-ს მცირედით აღემატება და არხის სტაბილურ შედეგს ადასტურებს. სხვა ქართულ არხებთან შედარებით  ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი არხია ტვ პირველი, მისი საშუალოდღიური რეიტინგი ნოემბერში, 2017 წლის იანვართან შედარებით, 77%-ით არის მომატებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის აუდიტორიაზე სეზონური ფაქტორების ზოგადი გავლენა იკვეთება და ჩანს აუდიტორიის მცირედით კლებაც. ნოემბრის საშუალოდღიური რეიტინგი 0,20%-ია, თუმცა არხს იგივე რეიტინგი ჰქონდა აპრილშიც, რაც სეზონური ფაქტორების მიღმა აუდიტორიის მცირედ კლებაზე მიუთითებს. მცირე არხების ხუთეულში, წლის დასაწყისში ბოლო პოზიციაზე იყო ტელეკომპანია კავკასია, თუმცა არხს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი საშუალოდღიური რეიტინგი 2017 წლის იანვართან შედარებით ნოემბრის მაჩვენებლის მიხედვით 33%-ით არის მომატებული.

2

საგულისხმოა, რომ ტელეკომპანია იბერია გაზომვების სისტემაში 2017 წლის იანვრიდანვე არ ყოფილა ჩართული და სრული პერიოდის შედეგების წარმოდგენა გრაფიკზე სხვა არხების ანალოგიურად ვერ მოხერხდა, თუმცა იბერია ტვ-ს აპრილის საშუალოდღიურ რეიტინგთან  0,11%-თან შედარებით მისი რეიტინგი ნოემბერში მკვეთრად გაზრდილია და 0,29% შეადგინა. იბერია ტვ-ს რეიტინგმა მკვეთრი მატება დაიწყო 2017 წლის მაისიდან და ზაფხულში ტელეყურების სეზონური შემცირების მიუხედავად იბერია ტვ-ს მცირე არხებს შორის აუდიტორიის ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა.

მაყურებელთა ტელეყურების პრეფერენციები წლის განმავლობაში საკმაოდ შეცვლილია, ცვლილებები დიდ არხებსაც შეეხო, თუმცა გაცილებით დიდია ცვლილებები შედარებით პატარა აუდიტორიის მქონე არხებს შორის.