BeFunky Collage

მხატვარი ირაკლი ჩიქოვანი და დიზაინერი მაკა ხუციშვილი ერთობლივ პროდუქტს ქმნიან

30.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მხატვარმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საკუთარი გალერეა-სახელოსნოს ლოკაცია შეცვალა და ამჯერად ის თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მდებარეობს. უახლოეს დღეებში კაფე-გალერეა გაიხსნება – ეს ინოვაციური და განსხვავებული კაფე იქნება, სადაც მოქალაქეები კაფეში სტუმრობისას თავად დაესწრებიან ნამუშევრების შექმნის პროცესს.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანი დიზაინერ მაკა ხუციშვილთან ერთად ერთობლივ ნამუშევრებზეც მუშაობს.

- რა სიახლეებია თქვენს სახელოსნოში?

ირაკლი ჩიქოვანი: – ჩვენ შევიცვალეთ ლოკაცია და ამჟამად ჩვენი სახელოსნო ბარათაშვილის ხიდთან მდებარეობს. სახელოსნოში კვლავ სამი მხატვარი ვართ. ახალ ლოკაციაზე ისეთი გარემო შევქმენით, სადაც იქნება კაფე-გალერეა და ღია სახელოსნო, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, მიირთვას ჩაი და ისეთ გარემოში მოხვდეს, სადაც არის ხელოვანი ადამიანების შეკრება. პარალელურად, ცხადია, მოქალაქეებს შეუძლიათ, ნამუშევრები დაათვალიერონ.

mak2

– სტანდარტული კაფე-ბარებისგან რა განასხვავებს თქვენს კაფე-გალერეას?

– კაფეებში, ძირითადად, არის ცოცხალი მუსიკა, ჩვენ კი აქ აქცენტს იმაზე ვსვამთ, რომ ცოცხალი ხატვა იყოს. ჩვენ ცოტა სხვა კუთხით წარმოვაჩენთ ჩვენს კაფეს, აქ მხატვრები იმუშავებენ, ადამიანებს კი შეეძლებათ, შემოვიდნენ და ამ ხატვის პროცესს დაესწრონ. იდეა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა. ძველ თბილისში, გუდიაშვილის ბაღთან, გვქონდა შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც გვინდოდა, მსგავსი ატმოსფერო შეგვექმნა.

 

 – რამ შთაგაგონათ კაფე-სახელოსნოს შექმნა? 

– ჩვენს ძველ სახელოსნოს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა, უცხოელებიც რომ შემოდიოდნენ, სახელოსნოდან გასვლა აღარავის უნდოდა. ძველი სახელოსნო იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ ასეთი სივრცე შეგვექმნა, რაც ახლა გვაქვს ჩაფიქრებული და თითქმის უკვე განხორციელებული. აქაურ ინტერიერს ჩვენი იდეა ძალიან მოუხდა. ეს შენობაც ჩვენ გავარემონტეთ და ასეთი სახე მივეცით.

 24139080_1571888926213669_972647870_o

- გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სიახლეც გაქვთ: მხატვარი ირაკლი ჩიქოვანი და დიზაინერი მაკა ხუციშვილი ერთობლივ პროდუქტზე მუშაობთ.

მაკა ხუციშვილი: – ქართველ მხატვრებთან კოლაბორაცია  MAKKINE  Art  capsule  collection   ჩემი  ახალი  პროექტია.  პირველი  არტკოლექცია  ქართველი ახალგაზრდა  მხატვრის დეიკოს ნამუშევრების ინპირაციით შეიქმნა. იდეა მიზნად  ისახავს სამოსის საშუალებით  ქართველი  მხატვრების პოპულარიზაციას. მხატვართა  გარემოცვაში გავიზარდე და  ჩემთვის  ძალიან  ნაცნობი და  საინტერესო   თემაა. მეორე  კაფსულა კოლექციის შესაქმნელად    ირაკლი ჩიქოვანს დავუკავშირდი, რომლის  ნამუშევრებიც თავდაპირველად სოციალურ ქსელში  შევამჩნიე. ნახატი  თერმული  დამუშავებით  იბეჭდება  უკვე გამოჭრილ  ქსოვილზე  და შემდეგ იკერება. ირაკლის ნამუშვრებიდან  არჩეული მაქვს 2 თემა:   წვიმა და ჯაზი. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ჩემთვის  ნაცრისფერთან  ასოცირდება და დეპრესიულ განწყობას მიქმნის, ირაკლის ნამუშევრებში იგი ფერადია და რუხ  ზამთარს  უდავოდ  ახალისებს.

mak8 (1)

– სამოსის გარეცხვის შემთხვევაში, ნამუშევარი ხომ არ ზიანდება? ხომ არ გადადის?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ქსოვილი იპრინტება თერმული დამუშავებით და სწორედ  ეს არის  მისი პრიორიტეტი, რომ გარეცხვის შემდეგ არ კარგავს ფერს. ზაფხულის კოლექცია  აბრეშუმის ქსოვილზე  გაკეთდა. ახალი  ზამთრის კოლექცია წვიმაგაუმტარ ქსოვილზე იპრინტება.  ეს არის მინი კოლექცია    ბომბერის, დუტის ქურთუკის,  პალტოს, როლინგის, ჩანთის, კაბის  სახით.

 

– სად მუშაობთ? სად ქმნით ამ სამოსს?

– ამ ეტაპზე ვთანამშრომლობ კომპანია ,,ატასთან”, სადაც  ჩემი კოლექციები იკერება. ერთ-ერთი ჩემი კოლექცია უკვე  იაპონიაში გაიგზავნა.  წელს  მქონდა მიწვევა  პარიზის მოდის კვირეულზე, რადგანაც   იმ პერიოდში იაპონიის კოლექციაზე ვმუშაობდი და პარალელურად ქართველი დიზაინერების ონლიან მაღაზია ,,geofashionlab.com’’  ჩემს ძალიან   დიდი ყურადღებას  მოითხოვდა, ფიზიკურად ვერ  შევძელი წასვლა. თუმცა,  ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და  უდავოდ დიდი  მოტივაცია იყო. მომავალ წელს მოდის  კვირეულში მონაწილეობის  მიღება  ისევ  დღის წესრიგში დგას.

 24139956_1571888922880336_930004747_o

- ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრებიდან რამდენი გაქვთ სამოსზე გამოყენებული?

– ამჯერად გაკეთებულია ერთი მანტო, ახლა მეორე კეთდება და კიდევ ირაკლის შავ-თეთრი ნამუშევრები მინდა, გადავიტანო. ირაკლისაც ორი მიმართულება აქვს: ფერადი და შავ-თეთრი. მეც ასე ვარ: ან მთლიანად შავ კოლექციას ვაკეთებ, ან – ფერადს. ნამუშევრები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში გაიყიდება.