social-media-disaster

კვლევა: სოციალური მედია მოზარდებში და ზრდასრულებში დეპრესიას იწვევს

14.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, კვლევები, სიახლე

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და დაავადებათა პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან 2016 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებში დეპრესია 60%-ით გაიზარდა. 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ყველაზე დიდი რისკის ჯგუფად თინეიჯერი გოგოები ითვლებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

პროფესორ  ჯინ ტვენჯის თქმით, აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ოზარდი გამოკითხეს. კვლევამ დაადგინა, რომ იმ მოზარდებს შორის, ვინც სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად იყენებს, დეპრესიის შანსი 13%-ით მაღალია, ვიდრე თინეიჯერებში, რომლებიც მას შედარებით იშვიათად ხმარობენ. კვლევის მიხედვით ასევე მაღალია თვითმკვლელობის შანსი ისეთ მოზარდებში, რომლებიც გაჯეტებთან დღეში სამ ან მეტ საათს ატარებენ (34%). ხოლო ვინც ამაზე მეტ დროს უთმობს ელექტრონულ მოწყობილობებს და სოციალურ ქსელებს თვითმკვლელობის შანსი საშუალოდ 48%-ს აღწევს.

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებში დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური ქსელია. გამოცემა წერს, რომ კვლევის მიხედვით დიდ ბრიტანეთში 14 წლის ასაკის ყოველი ოთხი გოგოდან ერთს და ყოველ მეათე ბიჭს დეპრესია აქვს. გამოკითხული გოგოების 24% ამბობს, რომ თავს უბედურად და უმწეოდ გრძნობს, მარტოობას და საკუთარი თავის სიძულვილს განიცდის. ამას გამოკითხული მშობლების მხოლოდ 18 % აცნობიერებს. კვლევა სექტემბრის ბოლოს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მასში 10 ათასამდე თინეიჯერი მონაწილეობდა. კვლევის ავტორები ლივერპულის უნივერსიტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი არიან.

გამოცემის ცნობით, მოზარდები ამბობენ, რომ სოციალური მედიის მხრიდან უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან. სკოლაში გავრცელებულ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ დევნას, დაცინვას, ჩაგვრას და ტერორს, რასაც ბულინგს ეძახიან, დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერ-ჩაგვრა.

1 წლის განმავლობაში 5 208 ადამიანზე დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ ზრდასრულები რაც უფრო მეტად იყენებენ Facebook-ს, მით უფრო ცუდად არიან – ამ ქსელთან ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ სიჯანსაღეზე და ცხოვრებით კმაყოფილების განცდაზე.