people-on-facebook

Warning: Facebook-ი გვითვალთვალებს

17.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ბოლო თვეებში გააქტიურდა ეჭვი, რომ Facebook (და მისი კუთვნილი Instagram) მომხმარებლებს უსმენს. მაგალითად, დასავლეთში ამბობენ, რომ ხშირად, როდესაც ადამიანები ერთმანეთში რაღაც თემას ან კომერციულ კომპანიას განიხილავენ, მალევე, Facebook და Instagram მათ შესაბამის რეკლამას სთავაზობს. იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია, გაჩნდა ეჭვი, რომ სოცქსელები (აპლიკაცია) ინფორმაციის მისაღებად აიფონების მიკროფონებს იყენებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი, ერთი შეხედვით, გამორთულია.

ერთ-ერთ ასეთ პრეტენზიაზე Instagram-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიკროფონს ამ მიზნებისთვის არ იყენებენ. ფაქტი, ვერც კვლევებით დადასტურდა. თავად Facebook-მა კი ამ ეჭვებს ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში უპასუხა. კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “არ იყენებს ტელეფონის მიკროფონს რეკლამების ფორმირებისთვის ან იმის შესაცვლელად, რასაც თქვენ ნიუსფიდში ხედავთ”. სოცქსელი ამტკიცებს, რომ მიკროფონთან წვდომა მხოლოდ თქვენი “თანხმობის” შემთხვევაში აქვს ან მაშინ, როდესაც მომხმარებელი აქტიურად იყენებს კონკრეტულ ფუნქციას, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია აუდიო ფუნქციასთან – მაგალითად, იღებს ვიდეოს.

Facebook-ი აკვირდება, ვის ხვდებით და შემდეგ მათთან დამეგობრებას გთავაზობთ

ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ როგორც კი ადამიანს პირადად შეხვდება, მალევე Facebook-ი მასთან დამეგობრებას სთავაზობს და იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელს ამ ადამიანთან საერთო მეგობრებიც არ ჰყავს. ამიტომ არსებობს თეორია, რომ Facebook-ი თავისი მომხმარებლების ადგილსამყოფელს იკვლევს და ამ მონაცემებს მეგობრობის რეკომენდაციის ფორმირებისათვის იყენებს.

2016 წელს, გამოცემა Fusion-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც სოცქსელის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მომხმარებლის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მათთვის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელსაც მომხმარებლებისთვის მეგობრების შესათავაზებლად იყენებდნენ. მაგრამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სოცქსელმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ გეოლოკაციას მხოლოდ სატესტო რეჟიმში, ისიც ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში იყენებდა და ახლა ამას აღარ აკეთებს.

How-To-Share-From-Facebook-to-Instagram-with-Android-Banner

პოსტებს, რომლებშიც ბმულია გაზიარებული, ნაკლები ადამიანი ნახავს

არსებობს მოსაზრება, რომ Facebook-ს ბმულიანი პოსტები (სხვა ვებგვერდებიდან გაზიარებული ფოტო და ვიდეო) არ უყვარს და მნიშვნელოვნად ამცირებს მათი გამოჩენის სიხშირეს თქვენი მეგობრების ნიუსფიდში. თავად ქსელი ალგორითმის მუშაობის დეტალებს არ განმარტავს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ნიუსფიდს მკითხველის ინტერესების მიხედვით აყალიბებს. მიუხედავად ამისა, კვლევები, რომლებიც არა პირად, მაგრამ საჯარო გვერდებზე ჩატარდა, მოწმობს, რომ ბმულების გარეშე პოსტებს მომხმარებლებამდე თითქმის ორჯერ მეტი წვდომა აქვს, ვიდრე – ბმულებიანს. რაც შეეხება ვიდეოს, სხვა გვერდებზე გამოქვეყნებული ვიდეოების გაზიარება ბევრად არაეფექტიანია, ვიდრე ვიდეოს უშუალოდ Facebook-ზე ატვირთვა.

სოციალური ქსელი აღიარებს, რომ მისთვის პრიორიტეტული ისეთი ბმულებია, რომლებიც მომხმარებლებთან სწრაფად იტვირთება – და იშვიათად აჩვენებს ბმულებს ვებგვერდებიდან, რომლებიც რეკლამითაა გადატვირთული.

Facebook-მა იცის მხოლოდ ის, რაც პროფილში გაქვთ მითითებული. თუ არა?

2016 წელს, The Telegraph-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ კარა მაკგუენის სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა სოცქსელი მომხმარებლების ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით. ჟურნალისტი წერს, რომ ხშირად ის მომხმარებელს სთავაზობს ნომერი პირდაპირ “ექაუნთს” მიაბას; ამ დროს, ზოგჯერ ნომრის შეყვანა საჭიროც არ არის, რადგან ის უკვე ეკრანზე ჩნდება და საკმარისია ხელის დაჭერა ღილაკზე “დადასტურება”.

Facebook-ი აცხადებს, რომ მომხმარებისთვის შეთავაზებული ნომრის წყარო შეიძლება იყოს:
– მისი მობილური ტელეფონი ან პლანშეტი;
– მისი მობილური ოპერატორი;
– Facebook-ის სხვა მომხმარებლების კონტაქტების სია;
– ნომერი, რომელიც შეიძლება მან ადრე შეიყვანა და უბრალოდ “არ დაუდასტურებია”.

იმავდროულად, მაკგუენმა აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღილაკზე “დადასტურება” ხელი არ დაუჭერია, კოლეგამ ქსელში ის სწორედ ამ შეთავაზებული ნომრით მოძებნა.

1476203439769899

რაც უფრო იშვიათად წერთ, მით უკეთესია

ზოგიერთ SMM-მენეჯერს მიაჩნია, რომ თუ საჯარო გვერდზე პოსტები ძალიან ხშირად ჩნდება, Facebook-ი მათ იშვიათად აჩვენებს გამომწერებს. თავად კომპანიის რეკომენდაციაა“რეგულარული” წერა, თუმცა კვლევების უმრავლესობაში ნათქვამია, რომ ჯობს დღეში ერთ ან ორ პოსტზე მეტი არ გამოქვეყნოთ. ერთ-ერთმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომ იშვიათად გამოქვეყნებული პოსტების მომხმარებლებამდე მისვლის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია.