Untitled-1

თბილისელების 59%-ის აზრით, თბილისის მერობის კადიდატისთვის წარმომავლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია

16.10.2017 | კვლევები, სიახლე

თბილისელების უმრავლესობის აზრით, ქალაქის მერმა,

პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.

რამდენიმე კვირაში თბილისი ახალ მერს აირჩევს. მოახლოებული არჩევნების ფონზე, აქტუალურია თბილისის მაცხოვრებლების მოსაზრებები და მოლოდინები დედაქალაქის ახალ მერთან დაკავშირებით.

„აიფიემ კვლევებმა“ განახორციელა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისში მცხოვრებმა 2000-მა რესპონდენტმა.

კვლევის მონაწილეებმა შეაფასეს თუ როგორ ხედავენ ისინი თბილისის მომავალ მერს და მის პრიორიტეტებს.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 59%-ისთვის მნიშვნელოვანია თბილისის მერი თბილისელი იქნება თუ ქვეყნის სხვა რეგიონიდან, 38% კი ამ საკითხს მნიშვნელობას საერთოდ არ ანიჭებს (იხილეთ გრაფიკი #1).

1

გამოკითხულთა 82%-ს თბილისის მერად ქალი წარმოუდგენია, თუმცა მცირე არ არის იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომელთაც თბილისის მერის პოსტზე მდედრობითი სქესის კანდიდატის წარმოდგენა უჭირს (16%) (იხილეთ გრაფიკი #2).

2

თბილისის მერის მიერ გადასაჭრელ საკითხთა შორის, ერთმნიშვნელოვნად  გამოიკვეთა სოციალური პრობლემების მოგვარების  აუცილებლობა, რომელიც თბილისელების 63% აზრით, ქალაქის მერმა პირველ რიგში უნდა მოაგვაროს.

დასახელებული საკითხებიდან, ამ პრობლემას მკვეთრად  ჩამორჩება გამწვანება/ეკოლოგიასთან (9%), არქიტექტურულ გეგმარებასთან (8%), ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული (6%) და სხვა საკითხები (იხილეთ გრაფიკი #3).

3
ეს შედეგი განსაკუთრებით საყურადღებოა დედაქალაქში ამჟამად არსებული საგზაო მოძრაობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების სიმძაფრის ფონზე.

„აიფიემის“ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც საგზაო მოძრაობაში დახარჯულ დროს  უკავშირდება, გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედი (22%) აღნიშნავს, რომ დღეში მინიმუმ ერთხელ  ხვდება საცობში; 19%-ს ამავე სიხშირით (დღეში ერთხელ და მეტჯერ) საცობში ყოფნა უწევს მოუწესრიგებელი საგზაო რეგულაციების გამო.

რესპონდენტების თქმით, საცობში ყოფნით ისინი ერთ ჯერზე საშუალოდ, 16 წუთს კარგავენ.  მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობის გამო კი, ერთ ჯერზე, საშუალოდ,19 წუთის დაკარგვა უხდებათ. იმ რესპონდენტებისთვის, რომლებიც საცობში დღეში ერთზე მეტჯერ ხვდებიან, დღის განმავლობაში საცობში ყოფნაში დახარჯული ჯამური დრო შესაბამისად იზრდება.
მიუხედავად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბურობისა, თბილისის მერის მიერ გადასაჭრელ პრიორიტეტულ საკითხთა შორის, საგზაო მოძრაობასა და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა უკიდურესად ჩამორჩება სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედაქალაქში არსებული სოციალური პრობლემების სიმწვავე ცალსახად ფარავს ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სხვა პრობლემატურ საკითხებს.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.