unnamed (6)

გამოფენა-ექსპერიმენტი – სამი ახალგაზრდა მხატვრის ერთობლივი გამოფენა 11 ოქტომბერს გაიმართება

07.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

11 ოქტომბერს, 19 საათზე, გალერეა „იარტში“, რომელიც თბილისში, უზნაძის #13-ში მდებარეობს, საგამოფენო დარბაზი სამი მხატვრის: ირაკლი ჩიქოვანის, ბექა სვირავას და ირაკლი კუნჭულიას ნამუშევრებს უმასპინძლებს. გამოფენაზე თითოეული მხატვრის 15-დან 20 ნახატამდე იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და იგი ოთხ დღეს გასტანს.

ირაკლი ჩიქოვანი ერთერთია გამოფენაში მონაწილეთაგან. იგი გამოფენისთვის აქტიურად ემზადება.

„თბილისში, აღმაშენებლის #172-ში, გვაქვს ღია სახელოსნო, რომელსაც „არტ პორტალ სტუდიო“ ჰქვია. 11 ოქტომბერს დაგეგმილი გამოფენისთვის აქ სამივე მხატვარი ერთდროულად ვმუშაობთ. ეს გამოფენა ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრების შემაჯამებელია. გამოფენაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს, დაათვალიეროს ნამუშევრები, დასწრება თავისუფალია, თუ ვინმეს სურვილი ექნება, სურათების შეძენის საშუალებაც იქნება,“ – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი ჩვენთან საუბრისას.

ჩიქოვანის თქმით, მას და მის მეგობრებს აქამდეც ჰქონდათ სურვილი, გამოფენა გაეკეთებინათ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ახალგაზრდა მხატვარი ამის ერთერთ მიზეზად კი უკვე გაყიდული ნამუშევრების თავმოყრასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

unnamed (1)

„ხანდახან ხდება ისეც, რომ ნამუშევრები, რომლებიც იყიდება, სახელოსნოს ტოვებენ და მერე მხატვრისთვის ძნელია, ყველაფერს ერთად მოუყაროს თავი. ახლა მოვახერხეთ ისე, რომ ნამუშევრები გვაქვს, მათი სრული უმეტესობა გამოფენაზე ამ დრომდე არ არის გატანილი. ეს გამოფენა არის პრეცენდენტი იმისა, თუ რა შედეგი გამოიღო სამი მხატვრის ერთად მუშაობამ,“ – თქვა ჩიქოვანმა.

unnamed (2)

unnamed (3)

unnamed (4)

unnamed (5)

ერთგვარ ექსპერიმენტად აფასებს დაგეგმილ გამოფენას ირაკლი კუნჭულია. მისი თქმით, სამი მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, აუდიტორიის როგორ ინტერესს გამოიწვევს ახალი ნამუშევრები.

ირაკლი კუნჭულია იმასაც ამბობს, რომ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად იყიდება.

„ჩვენს ნახატებს ძალიან ბევრი უცხოელი ყიდულობს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენი ნამუშევრები კერძო კოლექციებში შეაქვთ. ისინი ჩვენ შესახებ იგებენ როგორც „ფეისბუქიდან“, ასევე თბილისში სტუმრობისას. ჩვენთან ძველ სახელოსნოში, სოლოლაკში, ძალიან ბევრი უცხოელი დადიოდა,“ – გვითხრა ირაკლი კუნჭულიამ.

20170928_153805

20170923_163440

20170908_000032

კიდევ ერთი მხატვრის, ბექა სვირავას თქმით, ის ფერები, რომლითაც მხატვარი ხატვას გადაწყვეტს, უნდა შეიყვაროს, სხვა შემთხვევაში ნახატი სრულყოფილი ვერ გამოვა. „მუზას არ ველოდები იმიტომ, რომ შეიძლება არასდროს მოვიდეს,“ – ამბობს ბექა.

„როცა ხატვას იწყებ, შეიძლება არც ფიქრობ, რა გამოვა. როცა თავიდან ბოლომდე იცი, რა გინდა დახატო, სრულყოფილება ასე არ იქმნება. ხატვის დროს დინებას მიჰყვები: ხან ისე გადაუხვევ, ხან – ასე. ამასობაში იმ ფერებს აღმოაჩენ, რასთანაც ახლოს ხარ იმ მომენტში. ხატვისას, ბუნებრივია, ნამუშევარზე შენი ხასიათი მოქმედებს. თუ მოგზაურობ ან რაღაცას აკეთებ, ყოველთვის გაქვს იმის მარაგი, რომ დახატო,“ – გვიმხელს ბექა სვირავა.

მისივე თქმით, მოგზაურობა ბევრი ფერის აღსაქმელად და დასანახად საუკეთესო გზაა.

ბექა სვირავა (1)

ბექა სვირავა (2)

ბექა სვირავა (4)

ბექა სვირავა (6)