rsz_18881897_1564218600315928_6426705093146789224_n

Google-ში ხელოვნების სასახლისადმი მიძღვნილი სამი ვირტუალური გამოფენა განთავსდა

05.06.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

1-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი ვირტუალური გამოფენა განათავსა. ამჟამად ქართული მუზეუმი გამოფენებისა და საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნებული ექსპონატების რაოდენობით ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერია. გუგლის კულტურულ რუკაზე სომხეთი საერთოდ არაა წარმოდგენილი, აზრებაიჯანის სამი მუზეუმის ექსპოზიცია კი 248 ნივთს ეძღვნება, მაშინ როცა საქართველოს ხელოვნების სასახლის საგანძური მსოფლიოს დასათვალიერებლად 309 ექსპონატს სთავაზობს.

18920493_1564218596982595_7846186733720522768_n

 

დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ ადამიანს, ანუ მილიონობით დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ხელოვნების სასახლეში დაცულ უძვირფასეს ეროვნულ საგანძურს. მათ შორის მეფე თამარის საინტერესო ისტორიას, მისი უნიკალური კოსტუმის თავგადასავალს, აქვე იხილავს ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერიდან ნაწყვეტს, კერძოდ კი ცეკვებს, სუხიშვილების შესრულებულ სამაიასა და ქართულს. მითითებულია, რომ ცეკვა ქართულია, რომ მუსიკის ავტორი დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილია, რომ სრულდება სუხიშვილების მიერ და საცეკვაო კოსტუმებს საფუძვლად მეფე თამარის სამოსი დაედო.

კოსტუმების კოლექციის გარდა, რომელიც 30 ძვირფასი ექსპონატითაა წარმოდგენილი, გუგლის კიდევ ერთი გამოფენა ქართულ მხატვრობას მიეძღვნა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აქ არა მარტო ისეთი ცნობილი ქართველი მხატვრებია წარმოდგენილი, როგორებიც არიან: გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, არამედ საქართველოში ნაკლებად პოპულარულები, მათ შორის: ალექსანდრე ბერიძე, ვასილ ბალანჩივაძე, იოსებ სუმბათაშვილი, ივანე ასკურავა, კარლო კუკულაძე, ირაკლი გამრეკელი, დიმიტრი თაყაიშვილი, უჩა ჯაფარიძე.

18893307_1564218603649261_8805657011865971598_n

 

გუგლმა საგამოფენო ექსპოზიციები ასევე მიუძღვნა ხელოვნების სასახლის არქიტექტურას, მის მშენებლობის ლამაზ ისტორიას და დამაარსებლის დავით არსენიშვილის ბიოგრაფიას.
უახლოეს მომავალში გუგლის სივრცეში გაჩნდება ინფორმაცია მუზეუმის შემომწირველთა და იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც ეროვნული კოლეციების რესტავრაციისათვის დიდი სამუშაოები გასწია, მათ შორისაა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აშშ საელჩო საქართველოში და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი.

18881897_1564218600315928_6426705093146789224_n
ამჟამად ხელოვნების სასახლე ახალი ვირტუალური გამოფენების განსათავსებლად გუგლის შესაბამის სამსახურებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

წყარო: https://www.facebook.com/artpalace.ge/