32

პიარი მოკვდა, გაუმარჯოს პიარს !

22.05.2017 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

სანამ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, პიარია სწორი ფორმა, ფიარი, თუ, საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამასობაში ხელში ჩაგვაკვდა ეს ჩვენი საამაყო და ზოგჯერ  უბრალოდ საყველპური საქმე.

მოკვდა და თან წაიღო პრესრელიზები,  მთავრობასთან ურთიერთობა, მედიასთან ურთიერთობა, მედია მონიტორინგი და რეპორტინგი, CSR რეპორტები და მრგვალი მაგიდა დაინტერესებული ჟურნალისტებით.

მოკვდა კითხვები: აუ, ტელევიზია იქნება? იქნებ 9-საათიანში მოვხვდეთ, გოგო,  ეგ :”სასტავი” ხო იცი, გიჟდება ჩემზე , აუ, ჩემებიიი!

მოკვდა  ქმედებები : პრესრელიზი ამობრუნებული პირამიდის ფორმით, საიტზე განახლებული  ინფორმაცია, ბანერზე ყველა ლოგო დასვი, სელფები გადაიღე სელებრითთან.

რა თქმა უნდა, არ მომკვდარა მედია, პირიქით , ისეთი ძლიერი, მოქნილი და ოპერატიულია,  როგორც არასდროს, თუმცა, შეიცვალა მასთან ურთიერთობის მოდელები.

არსებობს ქუჩის მოდა, მოდა, რომელსაც “დიორის” სახლი და  წელში მოხრილი კოკო შანელი (მაგ ქალის სულ მეშინია, ალბათ, ძალიან ცუდი იქნებოდა მასთან მუშაობა) კი არ კარნახობს წესებს,  არამედ  ბაზრობის “კლეჩატი” ჩანთები და დემნა გვასალიას „ ადიელები“, რომლებიც 5 წლის წინ რომელიმე  სახლში გადაღებულ ფოტოში რომ მოხვედრილიყო, საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებდით.

ამას დიზაინერები ინსპირაციას ეძახიან და რაც უფრო აბსურდულია ინსპირაციის წყარო, მით უფრო საინტერესო /გაყიდვადია მერე პროდუქტი.

ასეთივე გარდატეხა მოხდა პიარში. არსებობს ტენდენციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავისით, ან ოდნავი მუხტის შედეგად გორდება და მათი  არგათვალისწინება  ქორწილში ლიმონათით და კიტრით სირბილს გავს, შენ რომ მაგრად ერთობი და შენიშვნასაც  არ გაძლევენ, სანამ უფროსებს არ შეაწუხებ.

არსებობენ სუბკულტურები, რომელთა ცოდნა და გათქვეფა ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენონ ვივერის  ინფორმაციის გავრცელების მოდელების.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს “პიარშიკებს” არ უწოდებენ, პირიქით, ამ პროფესიის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება აქვთ,  მაგრამ მათი ერთი დადებული პოსტი Facebook -ზე,   ჩვენი 20-გვერდიანი სტრატეგიის საპირწონეა.

პიარი მოკვდა, მაგრამ დაგვიტოვა ძირითადი ორი ძველთაძველი, რაც საზოგადოებაში იმაზე უფრო გამძაფრებულია, ვიდრე ოდესმე პურის და სანახაობის მოთხოვნა.  პურის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არავინ ჩქარობს, ხოლო სანახაობაში ბევრი გვეცილება, პოლიტიკოსები, მარკეტერები ( აჰა, მივედით ყველაზე მნიშვნელოვანთან) არასამთავრობოები, მენტორები, ქოუჩები,  სტარტაპერები, მედია ოუნერები,  ფეშენისტები, უბრალოდ, კაი ტიპები, ქალაქის კოლორტები  და ამ დროს, სად არის ჩვენი “პიარშიკების” ადგილი.  ადგილი, რომლისთვისაც ამდენი ვიწვალეთ, მივდექ-მოვდექით, შევაწუხეთ ყველა, ვინც შეგვეძლო და არ შეგვეძლო.

ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოება  ხომ ყველანი ჩვენს საქმეს აკეთებენ და, შესაბამისად, ჩვენს პურსა სჭამენ (ჩვენგან განსხვავებით, 6 ის მერეც ) :)

თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებული ოპტიმიზის საფუძველს იძლევა. ჩვენი ადგილი ამ ორომტრიალში ახლა ბევრად მნიშვნელოვანია,  ვიდრე ოდესმე ყოფილა.

საქმე რთულია  და ყოველდღე უფრო და უფრო რთულდება, რაც, თითქოს, სხვადასხვა აზრის მქონე მხარეების ისე უჩვეულოდ შეთანხმებას გულისხმობს, როგორც  ამას გამოწვრთნილი დირიჟორი ორკესტრის  ყველა წევრის სინქრონში მოყვანით ახერხებს.

არ მინდა ჩათვალოთ, რომ ჩემს პროფესიას იმაზე აღმეტებულად ვაფასებ, ვიდრე ეს რეალურად არის, თუმცა მე მჯერა, რომ თანამედროვე გამოწვევების, რომლებიც, ძირითადად, ინფორმაციის სწორად დამუშავება, საშენოდ გამოყენება  და ადამიანის ყურადღების მართვაა, ჩვენზე კარგად ვერავინ გაართმევს თავს.

ასე რომ, თავი მაღლა, გვირგვინი არ ჩამოგვიცურდეს!  გვახსოვდეს, რომ პიარი მოკვდა, მაგრამ გაუმარჯოს პიარს! როგორც  რეპუტაციის მართვის და გავლენების მოპოვების ყველაზე მძლავრ იარაღს :)