საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წლიდან არსებობს. დღემდე მან განვითარების სხვადასხვა ეტაპი განვლო. ფედერაციის შექმნის იდეა მის ამჟამინდელ პრეზიდენტს – ზაქარია ჯაჭვაძეს გაუჩნდა.
“ბავშვობაში ამერიკულ ფეხბურთზე ბევრი ფილმი მინახავს. სწორედ ამ ფილმებმა შთამაგონა. მალევე ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა: ამერიკული ფეხბურთის ძალიან ბევრ საინტერესო მონაკვეთს ვუყურებდი ხოლმე. ამასთან ერთად, ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო სპორტია.”
როგორც ზაქარიამ გვიამბო, ფედერაცია მეტად შემოქმედებითად მიჰყვება განვითარების პროცესებს. აქამდე არაერთი ჩემპიონატი გაიმართა, ამ ეტაპზე კი ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალურ რელსებზე გადადის.
”2 წლის წინ მუშაობა დავიწყეთ ქუთასში, ეს იყო პირველი გუნდი თბილისის გარეთ. გუნდს „Lions” ჰქვია. სწორედ აქ დაიბადა საქართველოს რეგიონების ათვისების ძალიან დიდი იმედი და ჩემპიონატისთვის მზადებაც დავიწყეთ. დღეს უკვე ვემზადებით ჩემპიონტის ჩასატარებლად. ქუთაისის გარდა რუსთავში ორი კლუბი ჩამოყალიბდა: “Steelers” და მეორე გუნდის ფორმირება ახლა ხდება. თბილისშიც ორი გუნდი არსებობს: „Wild hog” და „Crusaders”, რომელიც საქართველოში პირველი კლუბია. ამ ეტაპზე 5 მოქმედი კლუბი გვაქვს, მაგრამ საწყის ეტაპზე ვაპირებთ საპილოტე ჩემპიონატის გამართვას, ამის შემდეგ ჩავატარებთ სეზონს, 8-გუნდიან ჩემპიონატს. მომავალი წლიდან დაიწყება რეგულარული ეროვნული ჩემპიონატები” – აღნიშნავს ზაქარია ჯაჭვაძე.
ზაქარიას შეფასებით, საქართველოში ძალისმიერი სახეობის სპორტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იმას გულისხმობს, რომ ქართველებში ძალისმიერი სპორტი მიმზიდველი და მისაღებია. მისივე თქმით, ამერიკული ფეხბურთი ერთერთი დომინანტური სპორტი გახდება ჩვენს ქვეყანაში, იქედან გამომდინარე, რომ სპორტის ეს სახეობა არის ინტელექტუალური, გუნდური და ამავდროულად ძალისმიერი.
ამჟამად ამერიკული ფეხბურთის მიმდევრები, ძირითადად, 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. წლის ბოლოს ორი ასაკობრივი ლიგის ჩამოყალიბება იგეგმება: 16-წლამდელთა და 18 წლის ზემოთ.
სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესს სკოლის მოსწავლეებიც იჩენენ:
“რუსთავის სკოლებში ამერიკული ფეხბურთის შესახებ პრეზენტაციების ჩატარება დავიწყეთ, რამაც გვიჩვენა, რომ ბავშვებში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პრეზენტაციების დროს სკოლის მოსწავლეებს ვაცნობთ ამერიკული ფეხბურთის წესებს, შეგვაქვს აღჭურვილობა. ვფიქრობთ, თბილისის სკოლებშიც დიდი ინტერესი იქნება. სექტემბერში გავმართავთ პირველ ჩემპიონატს, მომავალი წლიდან კი გუნდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება” – აღნიშნავს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
გასულ წელს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო ფედერაციასთან, ასევე ამერიკული ფეხბურთის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობასთან. მისივე თქმით, უკვე იგეგმება ამხანაგური მატჩები და საკვალიფიკაციო ტურნირებში ჩართულობა.
ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და მის განვითარებაზე ზაქარია ჯაჭვაძემ თავად გვიამბო:
“ჩვენი ამჟამინდელი სამომავლო გეგმა ასაკობრივი ლიგის შექმნაა და ამ ლიგის საფუძველზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ჩამოყალიბება. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ნაკრებია. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ეროვნული ჩემპიონატი, ასევე, ჩავერთოთ საერთაშორისო ჩემპიონატებში და მსოფლიო ჩემპიონატშიც მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული. ამავდროულად, ვგეგმავთ შავი ზღვის თასის გამართვას, რაც მოგვცემს საშუალებას, ამერიკული ფეხბურთი კავკასიის რეგიონში მეტად პოპულარული გახდეს.”