32

მოტივაცია არა კვატი

22.07.2016 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

ფეისბუქს ჩამოვყევი, რა საინტერესო დანიშნულება შეიძინა არა ჩვენმა ALTER ცხოვრებამ?! ზოგი პროფაილ ფოტოს აქვეყნებს , ქვეტექსტით, „ გაცნობა- დაოჯახების მიზნით, გავიცნობ…“

ზოგი კი ჭკვიანურ ქარდებს, ზეტექსტით „ ფლირტის და თავგადასავლების მორევში გადაშვების მიზნით შემეხმიანოს…“
ამჯერად ამ პოსტებს ჩავუშხუილე და ჩემი მეგობრების სტატუს/განცხადებებს მივაქციე ყურადღება.

მეგობრები განსხვავებულები მყავს , ისევე როგორც მათი სამუშაო და ჩემი საყვარელი და საკმაოდ მომთხოვნი სიტყვა „ ბექგრაუნდი „ ( ამ სიტყვას რომ წარმოთქვამენ, მგონია რომ წელში უნდა გავიმართო).

სამივეს ტექსტი ერთმანეთს ჰგავდა, მოგვმართავდნენ მრავალრიცხოვან მეგობარ ფოლოვერებს, საერთო გულისტკივილით, ეძებდნენ ენერგიულ-მოტივირებულ და მხოლოდ ამის შემდეგ ( ინგლისურ- კომპიუტერის მცოდნე) თანამშრომლებს.

სამივე გადასარევი კომპანიაა და განსაკუთრებული მოთხოვნებიც არ ჩანდა სტატუსებში, მთავარია მოტივირებული იყოს, საქმეს აქვე ისწავლის, ამ პათოსის ტექსტმაც გაიელვა კომენტარებში.

მე კიდევ ამ დროს, ინერციით ვსქროლავდი ფეისბუქს და ისე მეზარებოდა წყლის მოტანა, ერთი სული მქონდა, ვინმე ამდგარიყო რომ მეთხოვა წყალი წამოიყოლეთქო.

სამგვერდიანი რეპორტის და პრეს რელიზის დაწერაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი, ეგ კი არა, ოთახში რომ მიმოვიხედე და პროექტებიდან ფოტოები დავინახე , ნეტავ ეს ვინ გააკეთათქო გავიფიქრე

არ გამიმართლა, გოგოები ეზოში გავიდნენ მე კეთილი ვინებე ( ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი ამბობდა ამ ფრაზას ) და წყლის მოსატანად სამზარეულოში.

გავედი თუ არა, გამახსენდა ორი გამოტოვებული ზარი, სამი თითქმის დასახვრეტად გამოტანილი დედლაინი და ერთი თხილისგულა პრესრელიზი( 9 ძმამ უნდა დამიდასტუროს) მოვედი თუ არა კომპიუტერთან, დავიწყე ისევ თითების კაკუნი.
წერას მოვრჩი, თუმცა ფიქრი დავიწყე ( მგონი პარალელურადაც ხდება ეს ორი მოქმედება, მაგრამ მე ახალი ვარ და ახლა ვამუღამებ ).

დავიწყე ფიქრი მოტივაციაზე, დემოტივაცია, მოტივატორებზე, ტერმინატორებზე , ფეხსაცმელატორებზე და მოკლედ ერთ სამოტივაციო კითხვამდე მივედი.

რა განაპირობებს ადამიანების მოტივაცია/დემოტივაციას?

როგორია მოტივირებული ადამიანი, მთვარეს რომ მიწვდება მარჯვენა ხელით და ვის წყდება წელი, მეილის გამოგზავნას რომ სთხოვ?

რატომ დავსდევთ ერთნი ცხოვრებას , ენაგადმოგდებული ლეკვებივით და მეორენი კი ჩრდილში წამოწოლილი კატებივით იზმორებიან ზამთარ- ზაფხულ.

ამ საკითხზე ადრეც მიფიქრია, მოტივირებული ადამიანის ნიღაბსამოფარებულმა, სამი სხვა და სხვა ქვეყნის სტიპენდია მივიღე, 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის პიარ მენეჯერად, როდესაც პიარი რა იყო , დაახლოებით ისე მესმოდა როგორც პოკემონგოუ.

ბექგრაუნდს აღარ ვახსენებ და წელშიც აღარ გავიმართები, არც ჩინ მედლების ჩამოთვლას დავიწყებ, უბრალოდ იმას ვიტყვი რომ საკმაოდ ზარმაცი ადამიანი ვარ,ზოგჯერ მოტივაცია კი არა საკუთარი სახელს ვერ ვპოულობ, ჩემი სიზარმაცის გამო, ვერ ვმოგზაურობ ბევრს, ვერაფრით მოვაბი თავი ესპანურის სწავლის გაგრძელებას და სამზარულოს თქვენობით ვესაუბრები.

თუმცა არის საქმეები, რომლის კეთებისას მავიწყდება ყველანაირი დაღლა, ნერვიულობა , დაძაბულობა და ვხდები კრაზის დიდი მანქანა, ხრეში რომ გაადააქვს ერთი ადგილიდან მეორეზე ის( საჭესთან ჯდომაც კი მეზარება)
კრაზმა შეიძლება არარეალური საქმეები აკეთოს, თუმცა საწვავი( მოტივაცია ) თუ დაეკარგა, დამთავრებულია მისი საქმე. ისე გაჯორდება, როგორც ჯორი( დაილოცოს ჩემი სიტყვების მარაგი) .

შეიძლება თუ არა, რომ მოტივაცია ადამიანის ისეთივე მახასიათებელი იყოს როგორც ცისფერი თვალები, ან ჩემი პერმანენტული შურის საგანი, 1.78 სმ სიმაღლე ?

ალბათ არა, ალბათ კი არა ნამდვილად არა.

მოტივაცია ჩვენშია, და მისი ზრდაც , ჩვენი ბუნებისგან ნაბოძები სიმაღლისგან განსხვავებით ჩვენს ხელშია.

მოტივაცია არ არის შიში არც რიდი და არც დისციპლინა, მორჩილება და ავტორიტეტები.

მოტივაციაა გიხაროდეს და გჯეროდეს ის რასაც აკეთებ. დარწმუნებული იყო, რომ შენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ხედავენ და აფასებენ.

არ აქვს მნიშვნელობა ყაისნაღით ქსოვ, თუ მთვარეზე ხსნივ კოპერატივს, მთავარია შენმა შინაგანმა მ( ე ) ტივაციამ გიკარნახოს , რომ სწორ გზაზე ხარ და ამ გზაზე გინდა სიარული.

ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები შენთვის პრობლემა კი არა, გამოცდილება და თავგადასავალია, თუნდაც სული გეჭიროს კბილებით, მაინც ხვდები რომ ამ ცეცხლს გაივლი, შეტრუსული მაგრამ მაინც გაივლი.

ასე რომ სანამ მოტივირებულ ადამიანებს მოვძებნით, მოვძებნოთ ადამიანები ვისაც თქვენი საქმე ისევე უყვარს როგორც თქვენ, ყოველ დღე მზად არიან, უფრო ბასრკბილიან ზვიგენის ხახაში ჩაჰყონ ხელი, იმიტომ კი არა, რომ სამსახურის დაკარგვის, უფროსის ფეხის ბაკუნის ან კოლეგების ინტრიგების ეშინიათ, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ სჯერათ იმის რასაც აკეთებენ.
მე ასე ვმუშაობ, არც სიმკაცრის მჯერა და არც აწეული წარბის ( თან ნაოჭებს აჩენს ) ეგრევე ვემშვიდობები ადამიანებს, ვისთანაც “ენდე , მაგრამ შეამოწმე” პრინციპის დანერგვა მჭირდება.

არავითარი მაგრამ, ენდე და დარწმუნებული იყავი , რომ ისინი საკუთარ საქმეს უერთგულებენ.

ოღონდ ამისთვის შენც მზად უნდა იყო, უნდა იცოდე რომ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების როლი ხშირად შენზე მეტია შენს წარმატებაში.

იყო მზად,რომ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემებზე „ სახლში დატოვეთ „ პასუხი არ გქონდეს.

იცოდე რომ სამსახური მხოლოდ სამსახური არ არის, ეს არის შენი და შენი გუნდის ყველაზე ძლიერი ადამიანური სურვილის, თვითრეალზების ასპარეზი.

ასე რომ სანამ შუშის აკვარიუმს, სამუშაო პირობებით , დისციპლინით , წესებით და პროცედურებით გამოტენით, იცოდეთ, რომ მთავარია, თქვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა ზუსტაც იცოდნენ რომ მათი შრომა, ძალისხმევა და კომპრომისები ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მათთვის ისე იმ გარემოსთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ასე რომ სანამ ადამიანებს ბრმა მოტივაციას მოვთხოვთ, იქნება ჩვენს თავს ვკითხოთ, მოსწონთ ამ ადამიანებს ჩვენთან მუშაობა, ურთიერთობა და დღის ყველაზე მნიშნველოვანი დროის გატარება?

მიეცით „ მოტივირებულ“ ადმიანებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილელების საშუალება, ნუ შეზღუდავთ მათ უაზრო, წინასწარდაკანონებული ოფისისური ეტიკეტით და თავსმოხვეული სუბორდინაციის წესებით.

ასე იწრთობა ჩემთვის მოტივაცია, თუმცა ალბათ უამრავი სხვა საშუალებაც არსებობს, ჯარისკაცული დისციპლიდიცან დაწყებული , დედოფლური ავტორიტეტით დამთავრებული.

მე არ მჯერა დისციპლინის და ავტორიტეტების, არ მჯერა ბრმა ერთგულების , დაყვედრების და ხათრის. მჯერა რომ ადამაინები თვითონ ირჩვენ საკუთარ გზას და მოტივაციებს, ზოგი მარტივად , ზოგი რთულად პოულობს, თუმცა არამოტივირებული ადამიანები მართლა იშვიათად შემხვედრიან, უბრალოდ ყველას გვჭირდება ჩვენი გასაღების ( KEY ) ს მოძებნა  .