teona1

დიმიტრი გელოვანი

02.03.2015 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

რამდენიმე დღის წინ საინტერესო პოსტს მოვკარი თვალი ფეისბუქზე, ერთ -ერთი ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, პიარ მენეჯერს ეძებდა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, ე.წ ბაღისთვის, ხელფასი, ჩამოღვენთილი ლარის პირობებში საკმაოდ მოკრძალებული იყო, ბენეფიტებში ალბათ ბაღის კომპოტი და მანის ქაშიც შედიოდა პლუს დადებითი ემოციები ცეკვის და სიმღერის უფასო გაკვეთილები.
პოსტს მეორე მოჰყვა, გაყიდვების სამსახურისთვის ეძებდნენ პიარის სპეცილისტს , ჟურნალისტ გოგონას , ერთი ვაკანსიით სამი კურდღელი, თან გაყიდის, თან გააპიარებს მედია კონტენტს თვითონაც შექმნის და ამინდსაც გამოაცხადებს.
„ აქა ამბავი ქართველი მენეჯერების ლანძღვისა და დამაშვრალი პიარ მენეჯერების გოდებისა „
ასეთი ჩავიფიქრე ჩემი პოსტი , ხელებიც ავიკაპიწე, დედაბუნების წინააღმდეგობის მიუხედავად აპრეხილი ცხვირი უფრო ავიპრიხე და ამ დროს სულზე მომისწრო მეილმა, რომელიც ამერიკის პიარ ასოციაციას საკუთარი აკრედიტირებული წევრებისთვის გამოეგზავნათ.
Pr Personality Check list მეილის სათაური ისეთი მშრალი და კონკრეტული იყო, რომ სამი დღის წინანდელი პურივით კინაღამ გადამცდა, უყურე შენ ! პირდაპირ ჩამონათვალი გაუკეთებიათ როგორი უნდა იყოს პიარის სპეციალისტი.
სია ჩემი ფეხსაცმელის WISH LIST ზე გრძელი და საკმაოდ ამბიციური აღმოჩნდა, წერილის ავტორი გვთავაზობდა ტესტი ჩაგვეტარებინა საკუთარი თავისთვის და 25 პუნქტიანი ჩამონათვალიდან აგვერჩია, რომელ თვისებებს ვფლობდით და რომელს არა, თუ თვისებების ნახევარი ჩვენთვის უცხო იქნებოდა, მაშინ სტატიის ავტორი გვთავაზობდა, გავქცეულიყავით ამ საქმიანობას სანამ გვიან არ არის , 20 პუნქტამდე დამაკმაყოფილებელ შედეგად ითვლებოდა, ხოლო ის ადამიანი ვინც 25 დან 22 თვისებას მაინც აღმოაჩენდა საკუთარ თავში, ამ სფეროსთვის იდეალურ კანდიდატად ჩაითვლებოდა.
სია ასე გამოიყურება ( რიგობითობაც დაცულია )

– იუმორის გრძნობა
– პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი
– მეგობრული, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი
– ნებისმიერ ადამიანთან საუბრის გაბმის უნარი
– იმედგაცრუების მარტივად გადატანა
– შეუძლია სხვა ადამიანების დარწმუნება
– „ მოვლილი გარეგნობის„ (სამჯერ ჩავიხედე სარკეში , ამის წერისას )
– შეუძლია ყველაფრისგან შექმნას შოუ
– კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
– ითვალისწინებს სხვის პოზიციას, ტაქტიანი და ზომიერია ურთიერთობებში
– რამდენიმენაირად შეუძლია აღწეროს ერთი მოვლენა/საგანი
– მარტივად შეუძლია ადამიანები დაარწმუნოს საკუთარ პროფესიონალიზმში
– უყვარს ადამიანებთან ყოფნა
– უყვარს მოსმენა და დაკვირვება
– უყვარს , როდესაც ადამიანებს პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება
– ცნობისმოყვარეა
– უყვარს კითხვა, და სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციას ეცნობა ( ზოგადი განათლება , როგორც ჩვენ ვეძახით )
– მიზანსწრაფულია
– ენერგიული
– არ იბნევა გადაუდებელი , მწვავე სიტუაციების დადგომისას
– აღიარებს შეცდომებს და მაქსიმალურად სწავლობს მათზე
– ცდილობს შეინარჩუნოს ობიექტურობა და საღი აზრი
– პატივს ცემს ყველა ადამიანის მსოფლმხედველობას
– შორსმჭვრეტელი და მგრძნობიარეა
– მარტივად აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და ახალ ინფორმაციას

ეს სია, რა თქმა უნდა პირობითია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორი ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო გილდიას ხელმძღვანელობს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი ან სხვისი წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზების ჩამოთვლა.
ადამიანური თვისებებიც ძალიან პირობითი თემაა და ხშირად მათ დათრგუნვასა თუ გამოვლენაში გარემოფაქტორები განსაკუთრებულ მნიშველობას იძენს, თუმცა ამ პოსტის მიზანი ამ სიის გაკრიტიკება, დათანხმება ან ქულების დაწერა არ არის.
უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ პიარი განსაკუთრებული სფეროა სადაც , წარმატებას დიდწილად , პროფესიონალიზმის პარალელურად პიროვნული თვისებებიც განაპირობებენ, ასე რომ თუ თქვენც ისევე უერთგულებთ ამ საქმეს როგორც მე, შემიძლია მოგილოცოთ, თქვენ კარიერის პარალელურად პიროვნული განვითარების რთული , მაგრამ ძალიან საინტერესო გზა გაქვთ არჩეული.