teona1

სტერეოტიპები

16.02.2015 | თეონა ბაღდავაძის ბლოგი, სიახლე

სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე ჩემი სფეროს მიმართ, პირველად, სერიოზულად ორი წლის წინ დავფიქრდი.

ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, ორი თანამშრომელი მიახლოვდება ბუღალტერიიდან, თეონა, გაქვს ორი წუთი ? გისმენთ გოგოებო : )

შენ ხომ ყველას იცნობ – ფრაზას, ესეც გეცოდინება  და ამის შემდეგ კითხვებს სად ვისწავლოთ ხეზე ცოცვა, შევიკეროთ კაბა ქორწილისთვის, რომელი ცენტრი სჯობს ლაზერული ეპილაციისთვის, სად მივიყვანო შვილი ქართულ ცეკვებზე მიჩვეული ვარ, თუმცა ამ კითხვამ ნამდვილად დამაფიქრა და დამაბნია.

თეონა, პიარში გვინდა გადმოსვლა და ამისთვის რამის ცოდნა საჭიროა ?

კითხვა ისევე ბუნებრივად ჟღერდა, როგორც თმა რა კარგად გაქვს, სად შეიჭერი.

პაუზითი ისარგებლეს და დააყოლეს,რა ვიცი, ვფიქრობთ, კარგი იქნება, შენ სულ კარგ ხასიათზე და  გამოპრანჭული დადიხარ-ლახვარი ჩამცხეს პრაქტიკულად.

მგონი პირველი კითხვა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელზეც პასუხი არ მქონდა, სწორი ან არასწორი კი არა, საერთოდ არ მქონდა პასუხი, უხერხულობის დასაძლევადგაციებული მწვანე ჩაი მოვხრუპე და მე რომ ვიცი ხოლმე ისე, ფართედ  გავიღიმე.

სტერეოტიპებზე დღეს პირველად ვწერ, თუმცა ძალიან ხშირად მიფიქრია,  „აი ნამდვილი პიარშიკი ხარ“, დღემდე ვერ ჩამოვყალიბდი ამას რომ მეუბნებიან,მლანძღავენ თუ მაქებენ, მიდი რა უცებ გააპიარე, აუ, პიარში მუშაობას ვერ დამაწყებინებ :) ღიმილით ვხვდები დიალოგის ასეთ დასაწყისს  უკვე, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის, საკუთარი პროფესია, გარესამყაროსთან იდენტიფიცირების ყველაზე მძლავრი იარაღია.

ისევ სტერეიოტიპებს რომ მივუბრუნდეთ,თავიდანვე ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ახლოს არის სიმართლესთან, ზოგი ნაკლებად,  თუმცა ამოვარჩიე ის  რამდენიმე სტერეოტიპი, რომლებთან ცხოვრებას ისევე მივეჩვიე, როგორც ჩემს ცნობისმოყვარე მეზობლებთან.

  

„ნებისმირ სფეროს წარმომადგენელს შეუძლია პიარის სპეციალისტი გახდეს ცოდნის დამატებითი გაღრმავების გარეშე“

ამ სტერეოტიპს კონკრეტული ფუნდამენტიც აქვს და კონკრეტულიგამართლებაც.

სფეროს გარიჟრაჟზე, პიარის სპეცილაისტები  ყოფილი ან მოქმედი ჟურნალისტები  იყვნენ,  არ არსებობდა სპეციალური განათლება,  ხოლო პიარის ფუძემდებელი  ევროპის კონტინენტზე, ზიგმუნდ ფროიდის ძმისშვილი, ედვარდ ბერნსი გახლდათ, რომელიც როგორც შემდეგ თვითონ იხსენებს, დიდ დროს ატარებდა ბიძასთან საკუთარი საქმიანობს განხილვაში (მეც მინდა ბიძა ფროიდი !).

ამ  სტერეოტიპის რღვევას ხელი პიარის პროფესიულ განათლებაში უდიდესმა კონკურენციამ,  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, პორტალებმა, ბლოგებმა, სტანდარტებმა დასასერთიფიკატო გამოცდებმა შეუწყვეს ხელი.

„პიარი არის ჟურნალისტიკა“

აქაც „ჭიდაობას რა უნდა„ პრინციპი მოქმედებს,  ჟურნალისტი, რომელსაც აქვს უნარი კარგად წეროს, ავტომატურად კარგ პიარის სპეციალისტად მოიაზრება, თუ  გასაუბრებაზე სრულიად არალეგიტიმურად დასმულ კითხვის პასუხად  „ვის იცნობ“ სატელევიზიო სახეების ათეულს მოიყვანს,მაშინ ხომ საერთოდ კომპანიის   „კლონდაიკთან“ გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, ბევრი ჟურნალისტი კარგი პიარის სპეციალისტი გამხდარა, თუმცა მე ერთ ქიმიკოსს ვიცნობ, ვინც ამ ჟურნალისტებზე უკეთესი პიარ სპეციალისტიაა :),  მაგრამ მთავარი განსხვავება არის შემდეგი, პიარი არის მართვის ფუნქცია, რომლის ძირითადი მიზანია, ჰარმონიაში მოიყვანოს კომპანიის რეპუტაცია მის დაინტერესებულ მხარეების ინტერესებთან, ჟურნალისტიკის ძირითადი მიზანი ხელი შეუწყოს ობიექტური და ოპერატული ინფორმაციის გავრცელებას, ასე რომ ხშირ შემთხვევაში ჟურანლისტიკა და პიარი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგას.

 

„მარკეტინგია პიარი“ ? !

არა! თუმცა პიარი და მარკეტინგი ხშირად მოსიყვარულე ცოლ-ქმარივით ერთ ცულის ტარზე ცხოვრობს, გავლენის სფეროები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მარკეტინგის ძირითად საფიქრალს და საზრუნავს, მომხმარებელის და პროდუქტის ურთიერთობა წარმოადგენს, ხოლო პიარის, საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარის (კლიენტების ჩათვლით) და ორგანიზაციის ურთიერთობას.

პიარის ძირითადი საზრუნავი საკითხია რეპუტაცია, „რას იტყვის ხალხი“J

და საბოლოოდ, იმ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათთან მუშაობა, ვინც საბოლოოდ მარკეტინგულ აქტივობებზეც ახდენს გავლენას.

 

„პიარში დახარჯული ფულის დათვლა შეუძლებელია“

პიარის სპეციალისტები კითხვაზე რა ჯდება, ნაზად აღაპყრობენ თვალებს და ჭრიჭინასი არ იყოს, მიჩურინის ვაშლებზე დაგიწყებენ საუბარს.

ნურას უკაცრავად, ჩვენ ვიცით, რომ ურთიერთობას ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ამ ურთიერთობებში დახარჯული თანხების და ძალისხმევის დათვლა ძალიან კარგად შეგვიძლია.

საკომუნიკაციო არხების მრავალფეროვნება, სტრატეგიული დაგეგმარების და კვლევების პროცესები იძლევა საშუალებას, რომ პიარი, როგორც დისციპლინა მაქსიმალურად შედეგებზე ორიენტერებული იყოს, თუმცა აქ ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, არ დაკარგო ის ბუნებრიობა და სპონტანურობა, რაცკომუნიკაციას და ურთიერთობას უნდა ახლდეს და ამავდროულად იყო სტრატეგიული და მიზანმიმართული.

 

„პიარი ზედაპირული პროფესიაა“

პიარი ყველგან არის, იქაც კი სადაც არ უნდა იყოს, ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს, გაგაგიჟებს კაცს გაუთავებელი ბანკეტები და შეხვედრები, თუმცა ეს აისბერგის ყველაზე ზედა და  უმნიშვნელო  ნაწილია. კითხვა რატომ? ზუსტად ეს არის სტრატეგიული დაგეგმარების ის ამოცანა, რომლის შედეგებსაც ყველანიკარგად ვხედავთ.

ხშირ შემთხვევაში, საკომუნიკაციო კამპანიის გასაღები, ბაზალეთისტბის ძირას ოქროს აკვანივით რთული მოსაპოვებელი და ამისათვის კვლევა, ანალიზი, ცვლილებებზე დაკვირვება და ათასი იარაღის გამოყენება გვჭირდება.

 

„არ არსებობს ცუდი პიარი,  შავი პიარიც კი პიარია“

ტერმინი „შავი პიარი“ კლასიკურ ლიტერატურაში არსად შეგხვდებათ, მისი გამოყენება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დაიწყეს და ის  სათავეს რუსული პოლიტიკური პიარის ფუძემდებლებისგან იღებს.

მოდი ვაღიაროთ, ცუდი არის ცუდი, კარგი არის კარგი, თუ ობიექტის ძირითადი მიზანი არის საზოგადების ყურაღების მიბყრობა ნებისიმიერ ხერხით, მაშინ, რა თქმა უნდა, ეპატაჟური და პროვოკაციული საქციელი გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა მთავარი არის ის მიზანი, თუ  რისი მიღწევა გვინდა ამ საქციელით და რამდენად სწორად შევძლებთ ამ რეპუტაციის მართვას. ეს საკითხი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საკამათოდ რჩება არამხოლოდ პიარის, არამედ სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტებისათვის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და მართვის გზები, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება საზოგადოებაში გარკვეული ემოციის (ზიზღის, შიშის, პანიკის) გამოწვევა იყოს.

ეს მინდოდა ამ პოსტში მეთქვა, იმედი მაქვს, ძალიან სტერეოტიპული არ ვიყავი  :(